„მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიონ, რომ გატაცებული გოგონა სახლში დააბრუნონ“

ფონიჭალიდან გატაცებული სამირა ბაირამოვას გატაცების ფაქტს პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ კორძაია გამოეხმაურა.
კორძაიას თქმით, პრობლემად რჩება ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა. დეპუტატმა სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიონ, რომ ის სახლში მშობლებთან დააბრუნონ.
„კვლავ პრობლემად რჩება ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა. გაიტაცეს 17 წლის არასრულწლოვანი გოგონა. მე მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, მაქსიმალური ძალისხმება გასწიონ იმისათვის, რომ ის სახლში, მშობლებთან დააბრუნონ. ის ჯერ კიდევ ბავშვია და ბავშვის უფლებებით სარგებლობს, მით უმეტეს, რომ ეს გატაცება მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. ცალსახაა ძალადობის ფაქტი“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალიდან გატაცებულ სამირა ბაირამოვას უკვე მეოთხე დღეა ეძებენ. როგორც გატაცებული გოგონას ახლობლები აცხადებენ, სამირა ბაირამოვამ ფარულად მოახერხა ბიძასთან დარეკვა და შველა ითხოვა.
“უთქვამს, სადღაც პარლამენტის შენობასთან ვარო“,- აცხადებენ ახლობლები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები