“მინიმუმ 35-40%-ით შევძლებთ, რომ დავაჩქაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები”

„2020 წელს, შევძლებთ დავასრულოთ მთელი ავტობანი სარფიდან დაწყებული, სადახლოს და წითელი ხიდის ჩათვლით“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
„2020 წელს, შევძლებთ დავასრულოთ მთელი ავტობანი სარფიდან დაწყებული, სადახლოს და წითელი ხიდის ჩათვლით. საერთო ძალისხმევით, მინუმუმ 35-40%-ით შევძლებთ რომ დავაჩქაროთ ინფრასტურქტურული პროექტები. ჩვენი მიზანია, რომ მთავარი ინფრასტრუქტურა, რომელმაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შესრულება უნდა უზრუნველყოს, 2020 წლამდე შეიქმნას და ამას ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ იმ გეგმით, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. უკვე ცხადად გამოიკვეთა, რომ 2020 წელს, შევძლებთ დავასრულოთ მთელი ავტობანი, სარფიდან დაწყებული, სადახლოს და წითელი ხიდის ჩათვლით. ასევე, კახეთის გავლით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი გზა. ამ პერიოდისთვის, დასამთავრებელ პროექტებში უნდა შევიტანოთ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გზა, ეს არის მცხეთა-ლარსის მონაკვეთი, ქუთაისი-მესტიის გზა, ასევე, ქუთაისი-აბასთუმანი, რომელიც ქუთაისს მოკლე გზით დააკავშირებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონთან და გომსა და რაჭას შორის შემაერთებელი გზა. ეს იქნება მასშტაბური, კომლექსური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელებისთვისაც ჩვენ დაგვჭირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტტუტებთან, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან აქტიური დიალოგი, რათა უკვე დღეიდან, ყოველწლიურად, დასახარჯი თანხის რაოდენობა გავზარდოთ. არავითარ შემთხვევაში, ეს არ იქნება დანახარჯების ზრდა ბიუროკრატიის შენახვაზე, ან სოციალური მიმართულებით“, – აცხადებს პრემიერი.
მისივე თქმით, სოციალური მიმართულებით ხარჯებს არანაირი ზიანი არ მიადგება, მაგრამ ნებისმიერი დამატებითი დოლარი, თუ ევრო, რომელიც დაიხარჯება უკვე ინფრასტრუქტურის მიმართულებით, განკუთვნილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ კაპიტალურ დანახარჯებზე და იმაზე, რომ შევქმნათ აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელმაც ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი უნდა განავითაროს და უზრუნველყოს კავშირი ძირითად, ტურისტულ მიმართულებებს შორის. „არ მინდა გამომრჩეს ანაკლიასთან დამაკავშირებელი ახალი ავტობანი, რომელიც აშენდება. ასევე აშენდება მთიან რეგიონებთან დამაკავშირებელი რამდენიმე გზა. ეს მასშტაბური პროექტი ძალიან დიდ ძალისხმევას, კონსოლიდირებას, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან და საფინანსო ინსტიტუტების მაქსიმალურ ჩართულობას მოითხოვს“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები