“განათლების სისტემის რეფორმირების სერიოზული გეგმები გვაქვს”

ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გეგმები განათლების სისტემის რეფორმირების მიმართულებით და ვმუშაობთ იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანად დავხარჯოთ თითოეული თეთრი იმ სახელმწიფო რესურსისა, რომელიც პირდაპირ უნდა წავიდეს ადამიანების დასაქმებაში, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების სტუდენტებს.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, განათლების რეფორმა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, რუხში დასრულებულია სავაჭრო ცენტრი, შენდება საავადმყოფო, საფუძველი ჩაეყარა ახალი სტადიონის მშენებლობას.
“ეს ყველაფერი გვაძლევს იმედს, რომ სამეგრელო, როგორც საქართველოს სტრატეგიული რეგიონი, აყვავდება, გაბრწყინდება და ეს ვერ მოხდება თქვენი მონაწილეობის, პროფესიონალი ადამიანების გარეშე”, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება უმაღლესი და პროფესიული განათლების კომბინირება, რომ ქვეყანაში იყოს მეტი დასაქმებული ადამიანი.
“ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევისწავლოთ არა მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებიც დღეს არსებობს, არამედ დინამიკაში, 5 წლის განმავლობაში რა მიმართულებით განვითარდება ეკონომიკა, კონკრეტულად რა მოთხოვნები იარსებებს და ამ მიმართულებებით დავხარჯოთ ჩვენი რესურსი, რათა არ მივიღოთ იმედგაცრუებული ახალგაზრდები, რომლებიც რამდენიმე წელს დახარჯავენ განათლებაში და შემდგომ ესა თუ ის დარგი არ იქნება იმდენად მოთხოვნადი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის მოდელს მთავრობა კიდევ უფრო განავითარებს, რადგან ეს არის მოდელი, როდესაც, ერთის მხრივ, შესაძლებელი იქნება უმაღლესი განათლების მიღება, ხოლო, მეორეს მხრივ, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს პარტნიორობის შედეგად იარსებებს მეტი დასაქმებული ადამიანი.
“ჩვენ ყველანი ვართ ძალიან იმედიანად და დარწმუნებული ვართ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურს ასევე წარუდგინეს პრეზენტაცია ვირტუალური ლაბორატორიების შესახებ. გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტების ნამუშევრები და სასწავლო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ახლად აშენებული საერთო საცხოვრებელიც დაათვალიერა, რომელიც 30 სტუდენტზეა გათვლილი.
შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში დღემდე – სამშენებლო, საინჟინრო, სასტუმრო, სარესტორნო, სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით, 5000-მდე ბენეფიციარი გადამზადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები