“ახალგაზრდებისთვის შეიქმნება საფინანსო მექანიზმი, რათა მათ ინოვაციური ინიციატივების დაფინანსება შეძლონ “

ახალგაზრდებისთვის შეიქმნება საფინანსო მექანიზმი, რათა მათ შეძლონ ინოვაციური ინიციატივების დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში სამეწარმეო სულისკვეთების წახალისებაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ პატარა ასაკიდან ადამიანებს უნდა ჩავაგონოთ, რომ შეუძლიათ არ იყვნენ დაქირავებულნი და თვითონ იყვნენ საკუთარი ცხოვრების და ეკონომიკური წარმატების მჭედლები. ეს არის უმნიშვნელოვანესი და თავი და თავი ყველაფრის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მოხდა მნიშვნელოვანი მენტალური ცვლილება ამ 25 წლის განმავლობაში, მაინც გარკვეულწილად ვართ პოსტსაბჭოთა საზოგადოება.
მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირში საქართველო მაინც უფრო გამოირჩეოდა სამეწარმეო სულისკვეთებით, ვიდრე სხვა ზოგიერთი რესპუბლიკა, ის მემკვიდრეობა ჯერ კიდევ მოგვდევს.
ყოველთვის მიკვირს, როცა ახალგაზრდას, რომელიც ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს, ან ჯერ კიდევ სწავლობს, აზრადაც კი არ მოსდის, რომ გახდეს მეწარმე. მეწარმე კიდევ ის სიტყვა არ არის. ენტრეპრენერი, ამის ზუსტი ქართული თარგმანი არ ვიცი, ანუ ინიციატივით აღსავსე ადამიანი, რომელსაც შეუძლია თვითონ წამოიწყოს, ბიზნესინიციატივა განახორციელოს და თვითონ შექმნას თავისი ეკონომიკური წარმატება“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სამეწარმეო სულისკვეთების განვითარების მიზნით მთავარი აქცენტი ახალგაზრდებზე გაკეთდება.
„ამას ვაკეთებთ ჩვენ დღეს, რომ ახალგაზრდებისთვის შევქმნათ საფინანსო ინსტიტუტი და მექანიზმი, რათა ყველანაირი საბანკო უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე შეძლონ საწყისი კაპიტალის მოძიება და წამოიწყონ და დააფინანსონ თავისი ინოვაციური ინიციატივა, რომლითაც შეძლებენ მცირე, ან უფრო დიდი ბიზნესპროექტების განხორციელებას. ეს შეიძლება არ იყოს საწარმო და იყოს რაიმე სერვისი და ა.შ. დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ე.წ. სტარტაპის დაფინანსების რაიმე მექანიზმი, სადაც შეიძლება მივიდეს სტუდენტი, ან შუახნის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ძალიან საინტერესო ინიციატივა და არ აქვს ქონება, რომ დააგირავოს და წამოიწყოს ესა თუ ის ბიზნესი. რა თქმა უნდა, აქცენტი ახალგაზრდობაზე უნდა გაკეთდეს. ჩვენი მიზანია სამეწარმეო სულისკვეთება არა მარტო განვითარდეს და მენტალურად გაძლიერდეს, არამედ რეალიზება ჰპოვოს ასეთი მექენიზმების მეშვეობით“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები