„წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდება, რომ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მოვახდინოთ, მინიმუმ ღიმილს მგვრის”

წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მოწოდება, რომ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია სასწრაფოდ მოვახდინოთ, ღიმილს მგვრის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა “რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
“რაც შეეხება წინადადებებს, რომლებიც ოპოზიციიდან მოდის, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე, უკვე ვაუქმებთ მოგების გადასახადს, მთავრობამ დაამტკიცა ეს და გადავაგზავნეთ პარლამენტში, ასევე ვმუშაობთ საბიუჯეტო ცვლილებებზე. მოგეხსენებათ, ასეთ რეფორმებს აქვთ გადასვლის ღირებულება და ამ გადასვლის ღირებულების დაფარვა საბიუჯეტო სახსრების შეკვეცით ხდება. ამას ახლავს ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და ა.შ. ფაქტობრივად, სახტად არის ჩვენი ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი დარჩენილი, რადგან მოგვიწოდებდნენ, რომ სასწრაფოდ გაგვეკეთებინა რაღაცები და ჩვენ ვაკეთებთ, თუმცა ეს ალბათ კარგია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ წინა მმართველობის პერიოდში, ადამიანების უმრავლესობა სწორედ ეკონომიკური დანაშაულის გამო გასამართლდა.
“9- წლიან პერიოდს შეგნებულად არასოდეს ვახსენებ. საერთოდ გვარების ხსენებაც არ მინდა, მაგრამ როცა წინა მმართველობის პერიოდში ქვეყანაში 300 ათასი ადამიანი გასამართლდა და როცა ამ ადამიანების 80% და მეტი გასამართლდა სწორედ ეკონომიკური დანაშაულის გამო, ახლა კი ამ ხელისუფლების წარმომადგენლები მოგვიწოდებენ, რომ სასწრაფოდ ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მოვახდინოთ, ეს მინიმუმ ღიმილს მგვრის ხოლმე, მაგრამ კარგია, რომ მოგვიწოდებენ და ჩვენ ამას ვაკეთებთ. საერთოდ დიალოგი კარგია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები