კობა გვენეტაძე: ლარის კურსზე საგარეო ფაქტორებმა გავლენა ნამდვილად მოახდინა და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის, კობა გვენეტაძის თქმით, ძალიან ბევრ ქვეყანაში ეკონომიკა შემცირდა, რაც საქართველოს ექსპორტ-იმპორტზე აისახა და სავალუტო შემოდინებები შემცირდა.
როგორც გვენეტაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, შეუძლებელი იყო, ეს საქართველოს სავაჭრო და საგადასახო ბალანსზე არ ასახულიყო.
“ნამდვილად იყო ასეთი ფაქტორები. მოხდა ძალიან დიდი ფასების ვარდნა ნავთობზე. მოგეხსენებათ, რომ ის შემოსავლები, სავალუტო დინებები, რომელიც ქვეყანაში შემოდის, აუცილებელია იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტა იკვებებოდეს და მისი შედარებით სტაბილურობა შენარჩუნდეს. ბევრ ქვეყანაში ეკონომიკა შემცირდა, რაც აისახა ქართული ექსპორტ-იმპორტის შემცირებაზე. შეუძლებელი იყო, რაიმე ცვლილება არ მომხდარიყო და რამენაირად ეს არ ასახულიყო საქართველოს სავაჭრო და საგადასახო ბალანსზე, მაგალითად, ნავთობის ფასის შემცირება, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რადგან უფრო ნაკლები ვალუტის გადახდა გვჭირდება, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც რუსეთში მცირდება ნავთობიდან მიღებული სახსრები, იქ დასაქმებულ ქართულ მოსახლეობას გადმორიცხვების საშუალება არ აქვს, ასე რომ, ნამდვილად იყო საგარეო ფაქტორები, რომლებაც როლი შეასრულა და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.