ბათუმის პორტში ნატოს ხომალდები შემოვიდნენ (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საპორტო ვიზიტით ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომელიც ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 4 ხომალდითაა დაკომპლექტებული.
ნატოს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დაჰყოფენ და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებელ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
აღნიშნული სწავლებები ნატოსა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებას ისახავს მიზნად. ამჟამად ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) ხმელთაშუა ზღვის აკვატორიაში ოპერაცია „აქტიური ძალისხმევის“ მხარდაჭერას ახორციელებს და ხელს უწყობს ზღვაზე საერთაშორისო მიმოსვლის უსაფრთხოებას. ის, ასევე, წარმოადგენს ნატოს სწრაფი რეაგირების (NRF) საზღვაო კომპონენტს.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ოპერაციაში „აქტიური ძალისხმევა“, 2010 წელს გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე, ინფორმაციის გაცვლის გზით მონაწილეობს.
2014 წლიდან ნატოს საზღვაო ძალების სარდლობაში, მეკავშირე ოფიცრის სახით, მივლენილია შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნული ოპერაციის წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.
ხვალ ბათუმში ასევე ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო, რომელიც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდება.