„2014 წელს, მერიაში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას, მშენებლობის კოეფიციენტები 200 – 300% – მდე გაიზარდა“

თბილისის საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი მშენებლობის კოეფიციენტის შესახებ „ნაციონალურ მოძრაობას“ პასუხობს. საკრებულოს წევრმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში 2014 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელების მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვები წარმოადგინა.
გაცემული დოკუმენტების მიხედვით დედაქალაქის ცენტრალურ უბნებსა და ქუჩებზე მშენებლობის კოეფიციენტი 200, 250 და 300 პროცენტითაც არის გაზრდილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მშენებლობის კოეფიციენტი არაბუნებრივად გაიზარდა. განსაკუთრებით ეს ხდებოდა 2014 წლის პირველ ნახევარში. მე წამოვიღე დოკუმენტები, სადაც ნაჩვენებია K1 და K 2 კოეფიციენტის 250 და 300 პროცენტით ზრდა. ამ დოკუმენტებს ხელს აწერენ: სევდია უგრეხელიძე და ირაკლი აბესაძე. მაგალითად, თამარაშვილის ქუჩა №13- ში, 2014 წლის 17 თებერვალს გამოსულია განკარგულება 285, რომელსაც ხელს ქალბატონი სევდია უგრეხელიძე აწერს.
განკარგულების მიხედვით K 1 განისაზღვრა 0,8-ით, K 2 კი 7,9-ით განისაზღვრა. იქ მაქსიმალური კოეფიციენტი სადღაც 3,5 -ია. აქ 250 %-ით ზრდა გვაქვს. ბარნოვის ქუჩაზე, № 183 ნომერში K 1 განისაზღვრა 0,7-ით და K 2 – 7,8-ით. ეს კატასტროფაა, იქ 2,5-ზე მაღალი არ შეიძლება იყოს კოეფიციენტი. ამ დოკუმენტსაც ხელს აწერს ქალბატონი სევდია უგრეხელიძე.
ასევე 2014 წლის 17 თებერვალს აკადემქალაქის ტყეპარკის მიმდებარე ტერიტორია, ალექსიძის ქუჩა, აქ 7,7 კანისაზღვრა K 2 კოეფიციენტი, სადაც მაქსიმუმ 2, 5-ია. ხელს აწერს ქალბატონი სევდია უგრეხელიძე. ისევ ალექსიძის ქუჩაზე ვხვდებით სხვა მშენებლობასაც, სადაც K 2 6,0 განისაზღვრა.
აქ საქმე 200 %-ით ზრდასთან გვაქვს. ეს სულ 2014 წლის დოკუმენტებია, არჩევნების წინა პერიოდში მოსწრებაზე იყვნენ, რომ მშენებლობის კოეფიციენტები გაეზარდათ.
ინგოროყვას ქუჩაზე 4,7-ით გაიზარდა კოეფიციენტი და დაახლოებით 200%-ით ზრდა არის, ამ დოკუმენტს ხელს ბატონი ირაკლი აბესაძე აწერს. ყიფშიძის ქუჩაზე დაახლოებით 300%- ით არის გაზრდილი K 2 კოეფიციენტი, დოკუმენტს ხელს აწერს ბატონი ირაკლი აბესაძე.
წყნეთის გზატკეცილზე, 5,0-ით გაიზარდა K 2 კოეფიციენტი, ამ დოკუმენტსაც ხელს აწერს ირაკლი აბესაძე“,- აღნიშნა გოჩა ბაბუნაშვილმა.
ბაბუნაშვილის განცხადებით, ხელისუფლება ნაწილობრივ აჩერებს იმ მშენებლობებს, სადაც არ არის მშენებლობა დაწყებული და არ არის გაცემული ნებართვა. მიმდინარეობს დეველოპერებთან მოლაპარაკებები, რომ ამ კოეფიციენტით არ აშენდეს სახლები. ბაბუნაშვილის თქმით, მოსახლეობა გააკეთებს ანალიზს, რატომ ხდებოდა კოეფიციენტის ზრდა.
„ჩვენ პერიოდში კოეფიციენტების ზრდა არ ხდება, მითუმეტეს, 300 და 350%-ით. ვცდილობთ, რომ ქალაქში აშენდეს იმ კოეფიციენტებით, რომელიც დადგენილია. ესაა 2,5, მაქსიმუმ – 3,5. არ სჭირდება ამ ქალაქს 40- სართულიანი სახლები. ბევრ მშენებლობას უბრალოდ ფიზიკურად ვერ ვაჩერებთ, რადგან დაწყებულია მშენებლობა, დეველოპერს ფული აქვს გადახდილი, დასაქმებულია ხალხი და მშენებლობა მიმდინარეობს“,- აღნიშნა ბაბუნაშვილმა.
12695397_1128854537159389_972801560_o

12736016_1128854530492723_107759624_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები