ავსტრალიაში ორსული ქალი „ზიკას“ ვირუსით დაავადდა
ავსტრალიის კვინსლენდის შტატის ხელისუფლებამ „ზიკას“ ვირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ავსტრალიის მოქალაქე ცოტა ხნის წინ საზღვარგარეთიდან დაბრუნდა. რომელ ქვეყანაში იმყოფებოდა ეს პირი, არ კონკრეტდება. ავსტრალიის შესაბამისი სამსახურების ინფორმაციით, მთლიანად ქვეყანაში „ზიკას“ ვირუსის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა დაავადებული საზღვარგარეთიდან ჩამოვიდა. ამასთანავე, ავსტრალიელი მედიკოსების თქმით, ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან იქ მისი გადამტანი კოღოები ნაკლებად არის გავრცელებული. Aedes-ის ტიპის კოღო კვინსლენდის შტატის მხოლოდ ზოგიერთ რაიონში ცხოვრობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორსულ ქალებს რეკომენდაციით მიმართა, რომ „ზიკას“ ვირუსის გადამტანი კოღოების დაკბენისგან დასაცავად დამატებითი ზომები მიიღონ – „ზიკას“ ციებ-ცხელება ახალშობილების მიკროცეფალიით დაავადებას იწვევს.