რუსეთმა ხოდორკოვსკიზე ინტერპოლის ხაზით ძებნა გამოაცხადა
რუსეთის ხელისუფლებამ კომპანია „იუკოსის“ ყოფილ ხელმძღვანელზე, მიხეილ ხოდორკოვსკიზე ინტერპოლის ხაზით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ‘ბი-ბი-სი“ იუწყება.
„რუსეთის გენერალური პროკურატურიდან და საგამოძიებო კომიტეტიდან მიღებული მასალების საფუძველზე რუსეთის ინტერპოლის ბიურომ მიხეილ ხოდორკოვსკიზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. შესაბამისი გადაწყვეტილება ლიონში, ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროს გადაეგზავნა“, – ნათქვამია ამ განცხადებაში.
ამასთანავე, როგორც რუსული სააგენტოები იუწყებიან, ძებნილი დამნაშავეების ბაზაში ხოდორსკოვსკი ამ დროისთვის არ ირიცხება. გასული წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მიხეილ ხოდორკოვსკის ნეფტეიუგანსკის მერის ვლადიმერ პეტუხოვის მკვლელობაში დაუსწრებლად წაუყენა ბრალი. ეს მკვლელობა 1998 წელს მოხდა. თავად ხოდორკოვსკი ამჟამად შვეიცარიაში იმყოფება და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას პოლიტიკური მოტივებით ხსნის.