აშშ-მ თავის სპორტსმენებს უფლება მისცა, თავად გადაწყვიტონ, წავიდნენ თუ არა ბრაზილიაში

ოლიმპიადაზე აშშ-ის ოლიმპიურმა კომიტეტმა ამერიკელ სპორტსმენებს უფლება მისცა, თავად გადაწყვიტონ, წავიდნენ თუ არა ბრაზილიაში, რიო-დე – ჟანეიროში, სადაც 2016 წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები გაიმართება.
შესაბამისი ინფორმაცია კომიტეტმა სპორტულ ფედერაციებს გადაუგზავნა. თუ სპორტსმენი გადაწყვეტს, რომ მას ბრაზილიაში „ზიკას“ ვირუსით დაავადება ემუქრება, მას შეუძლია იქ წასვლაზე უარი განაცხადოს.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ეს ორსულ სპორტსმენ ქალებს ეხებათ და მათ, ვინც ახლო მომავალში ბავშვის ყოლას აპირებს.
სამხრეთ ამერიკაში ბოლო დროს გავრცელებული „ზიკას“ ვირუსი ახალშობილების მიკროცეფალიით დაავადებას იწვევს. ბავშვი პატარა თავით და პატარა ტვინით იბადება, რაც გონებრივ პრობლემებს იწვევს. ბრაზილიაში დაგეგმილ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი შეიძლება კენიამაც განაცხადოს. ამის შესახებ გაზეთი „ტელეგრაფი“ იუწყება.
„იმ შემთხვევაში, თუ „ზიკას“ დაავადება ეპიდემიაში გადაიზარდა, ჩვენ კენიელების ჯანმრთელობას საფრთხეში არ ჩავაგდებთ“, – განაცხადა კენიის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა კიპჩოგე კეინომ.
მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „ზიკას“ ვირუსს, სწრაფი გავრცელების გამო, გლობალური საფრთხის კლასიფიკაცია მიანიჭა. ამ დაავადების შემთხვევები უკვე 20-ზე მეტ ქვეყანაშია რეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები