ტუნისი ლიბიის საზღვარზე 200-კილომეტრიან კედელს ააშენებს
ტუნისის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ლიბიის საზღვარზე 200-კილომეტრიანი დამცავი კედლის მშენებლობის პირველი ეტაპი დაასრულა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
დამცავი ნაგებობები, რომლებიც წყლით ავსებული თხრილებისგან, სილით სავსე ტომრებისგან და სათვალთვალო ანძებისგან შედგება, რამდენიმე დღის წინ ტუნისის თავდაცვის მინისტრმა ფარხათ ხორშანიმ მოინახულა.
დამცავი ზღუდეების აღმართვის მეორე ეტაპზე საზღვრის დასაცავად სპეციალური ელექტრონული მოწყობილობები დამონტაჟდება. პროექტი აშშ-ის და გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კედლის მშენებლობა ტუნისის ტერიტორიაზე ლიბიიდან „ბოევიკების“, მათ შორის ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენლების შეღწევის საფრთხის გამო ხდება.
შეგახსენებთ, რომ ტუნისში ქალაქ სუსის პლიჟზე გასული წლის 26 ივნისს ტურისტებზე თავდასხმის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ტუნისში დასავენებლად წასვლის მსურველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რამაც ქვეყნის ეკონომიკას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა.