“საქართველოში წლობით ნაკვებ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოოდ, ამის მარცხი დავინახეთ” – პაპუაშვილი
“საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოოდ, ამის მარცხი დავინახეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, ბოლო დღეებმა გვაჩვენა, რომ წლების განმავლობაში საზღვარგარეთიდან დახარჯული მილიონები “ტრენინგებზე, სემინარებზე, ტვინის გამორეცხვასა და სხვადასხვა აქტივობებზე, პატრიარქის დაკრძალვის ერთმა დღემ წყალში ჩაყარა”.
“ამ ერთმა დღემ გვაჩვენა, რომ ვერაფერი მოერევა იმ სულიერ სიძლიერეს, რომელიც პატრიარქმა საქართველოში შექმნა. ეს ჯგუფები წლების განმავლობაში სწორედ ამის დაკნინებას ცდილობდნენ. ამ დღეებშიც სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა სხვადასხვა კადრები, მათი გამონათქვამები, ციტატები, კიდევ ერთხელ გახსენდება ადამიანს, რა სიბინძურეს კადრულობდნენ ეს ადამიანები. მათი ნაწილი ევროპის სხვადასხვა პრიზის მფლობელია. გვარამია საერთაშორისო ჟურნალისტიკის გამორჩეული პრიზებით დაჯილდოებული ადამიანია და მათი მხრიდან გულში ჩახუტებული, ასევე სხვადასხვა „ენჯეოები“. ქართულმა „ენჯეოებმა“, რომლებსაც ქართული პასპორტი უდევთ ჯიბეში, ერთი სამძიმარიც ვერ გაიმეტეს ამ მძიმე დღეებში, როდესაც სხვა ქვეყნებში რაიმე თუ მოხდება, წუთს არ გამოტოვებენ, საკუთარი სოლიდარობა რომ არ დაუდასტურონ. საქართველოში როდესაც ამხელა ტრაგედია იყო, ამ „ენჯეოებმა“ სამძიმრის ერთი სიტყვაც კი ვერ გამონახეს. რას გამონახავდნენ, როდესაც ვხედავდით, როგორ ესხმოდნენ თავს საპატრიარქოს, ეკლესიას თავს ესხმოდნენ უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.