“პატრიარქი ილია II ჭეშმარიტად ღვთის კაცი იყო!” – სოფიის მიტროპოლიტი და სრულიად ბულგარეთის პატრიარქი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოფიის მიტროპოლიტისა და სრულიად ბულგარეთის პატრიარქის, უწმინდეს დანიელის სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

როგორც წერილშია აღნიშნულია, ილია II ჭეშმარიტად ღვთის კაცი იყო.

“მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ,

შევიტყვეთ საქართველოს უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის ნეტარი მიცვალების შესახებ, გვსურს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით გამოვხატოთ ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და ლოცვითი თანადგომა ძმური საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიის, სამღვდელოებისა და მორწმუნე ერის მიმართ.

საქართველოს ეკლესიის ანგელოზი, ქართველი ერის ერთიანობის ბურჯი მისი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გარდამტეხ და რთულ მომენტში, მხურვალე მლოცველი და თავისი სამწყსოს ბრძენი წინამძღოლი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ამაღორძინებელი და განმაახლებელი, მშვიდი და მოყვარული მამა საქართველოსი, რომელიც უდრტვინველად ითმენდა ხანგრძლივი სნეულების ტკივილებს, გადავიდა „გლოვასა და ტირილის ხეობიდან“ (ფსალმ. 83,7) და ამქვეყნიური ტანჯვიდან უფლის სავანეებში, „სადაც არა არს ჭირი, მწუხარება, არა სულთქმა, არამედ ცხოვრება დაუსრულებელი“.

თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მსახურების განმავლობაში, 1977 წლიდან დღემდე, ღვთის ნების აღსასრულებლად იგი ისეთი სიყვარულითა და თავდადებით ზრუნავდა მართლმადიდებელ ქართველ ერზე, რომ დაიმსახურა პატივისცემა და სიყვარული ყველა ადამიანისა თავის მიწიერ სამშობლოში, ისევე როგორც გაოცება და კრძალვა ჩვენი – მისი ძმებისა და დების – ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიებიდან. იგი იყო საყრდენი, გზამკვლევი ვარსკვლავი და ქართველი ერის გამაერთიანებელი, მანათობელი და შთამაგონებელი მაგალითი ყველასთვის. იგი იყო სანთელი, რომელიც „უჩენს ყველას“ (მათე 5,15), რადგან „კეთილისაგან საუნჯისა გულისა თვისისა“ (ლუკა 6,45) მას მხოლოდ სიკეთე გამოჰქონდა.

პატრიარქი ილია II ჭეშმარიტად ღვთის კაცი იყო!

ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და მუდამ მღელვარებითა და მადლიერებით გვეხსომება პატრიარქ ილია II-ის ძმური მხარდაჭერა კანონიკური ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ, ნეტარხსენებული ბულგარეთის პატრიარქის, მაქსიმეს წინამძღოლობით, ბულგარეთში მომხდარი სამწუხარო განხეთქილების დროს. იგი არასოდეს განდგომია ჭეშმარიტებას, რომელსაც მუდამ ახარებდა უანგარო, ქრისტესმიერი და თავგანწირული სიყვარულით.

ვევედრებით ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულ მარიამის მეოხებით, რათა განუსვენოს ნეტარხსენებული და მარადსახსენებელი თავისი მონის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულს, მიუტევოს მას ყოველი ნებსითი და უნებლიე შეცოდება, ჩადენილი სიტყვით, საქმითა თუ გონებით და დაამკვიდროს იგი მართალთა სავანეში. მისცეს უფალმა მშვიდობა და ნუგეში ქართველ ერს და განუჩინოს ღირსეული მემკვიდრე ჩვენგან გადასახლებულ პატრიარქ ილიას!

ღმერთმა აცხონოს! საუკუნო და ნეტარი იყოს ხსენება მისი!”, – წერია სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები