თვითმფრინავის ბორტზე აფეთქების გამო, სომალიში ორი ადამიანი დააკავეს
სომალის პოლიციამ მოგადიშოს აეროპორტის ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებიც, შესაძლოა, თვითმფრინავის ბორტზე მომხდარ აფეთქებასთან უკავშირდებოდნენ, რომელმაც სამშაბათს ავარიული დაფრენა განახორციელა.
„სი-ენ-ენის“ ცნობით, ქვეყნის დაზვერვამ ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ შეაქვთ ეჭვმიტანილებს თვითმფრინავის პორტზე ლეპტოპი, რომელშიც, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.
აეროპორტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ეს ლეპტოპი მეორეს გადასცა, ხოლო მან – თვითმფრინავის მგზავრს, რომელიც აფეთქების დროს დაიღუპა.
გამოძიების ინფორმაციით, დაღუპული მგზავრი თვითმკვლელი ტერორისტი იყო. მან ადგილი სპეციალურად თვითმფრინავის საწვავის ავზთან არჩია, რომელიც სასწაულებრივად არ აფეთქდა. ამ შემთხვევაში შედეგები ბევრად მძიმე იქნებოდა.
აფეთქება ავიალაინერის ბორტზე, რომელიც სომალიდან ჯიბუტიში მიფრინავდა, აფრენიდან 15 წუთში მოხდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ტერაქტი „აშ-შაბაბის“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს. ეს ტერორისტული დაჯგუფება სომალის ტერიტორიაზე მოქმედებს.