თურქეთი დევნილებს საჭიროების შემთხვევაში მიიღებს
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა მზადაა მიგრანტები ქვეყნის ტერიტორიაზე შეუშვას, თუ ამის აუცილებლობა დადგება.
საუბარია იმ 35 ათას დევნილზე, რომლებმაც თავი დააღწიეს ალეპოს რეგიონში მიმდინარე ბრძოლებს. ამჟამად მათ საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევენ, თუმცა თურქეთის მთავრობა დევნლებს საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით ამარაგებს. დღევანდელი მონაცემებით, თურქეთმა ორნახევარი მილიონი მიგრანტი მიიღო და ეს რიცხვი 2-ჯერ აჭარბებს სხვა ქვეყნების მაჩვენებელს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი თურქეთს მოუწოდებს, თურქეთ-სირიის საზღვართან მობილიზებული ლტოლვილები ქვეყანაში შეუშვას. საგარეო საკითხებში უმაღლესი ევროკომისრის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, მიგრანტების მიღება ანკარის იურიდიული და მორალური პასუხისმგებლობაა. ამ დროისთვის თურქეთის საზღვართან 35 000-მდე სირიელი ლტოლვილი ელოდება ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვას.