ჩუღურეთში სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან, ჩუღურეთის რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძესთან ერთად დაათვალიერა.
რეაბილიტაციის ფარგლებში, დაახლოებით, 450 მეტრზე მოეწყობა ახალი სანიაღვრე მილები, 11 დიდი და 20 პატარა სანიაღვრე ჭა. ქსელზე თვითნებურად დაერთებული საკანალიზაციო მილები გაიმიჯნა და ახალი სანიაღვრე ქსელის მოწყობის პარალელურად, კომპანია GWP აწარმოებს საკანალიზაციო ქსელის მოწყობას.
„წყალმომარაგების კომპანიასთან ერთად, კოორდინირებულად, ვაკეთებთ წყლისა და კანალიზაციის, ასევე სანიაღვრე სისტემას. მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიგება გზის ახალი საფარი. წლების მანძილზე მიწისქვეშ არსებული დაზიანებული ქსელები გზასაც აზიანებდა, რაც დიდი დისკომფორტი იყო მოსახლეობისთვის. პრობლემა ამ
გაზაფხულზე საბოლოოდ მოგვარდება“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს შ.პ.ს “დარი” აწარმოებს. სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია 2016 წლის გაზაფხულზე დასრულდება.