ევროპარლამენტი – რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკრაინის შემადგენლობაში ყირიმის დაბრუნების შემთხვევაში გაუქმდება

ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმების ერთ-ერთი წინაპირობა უკრაინის შემადგენლობაში ყირიმის დაბრუნებაა.
რეზოლუცია ყირიმში ადამიანის უფლებებს, პირველ რიგში, ყირიმელი თათრების მდგომარეობას ეხება და ის ევროპარლამენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დეპუტატები მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ საზღვრებში.
რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის მიერთებას ევროპარლამენტი ანექსიად აფასებს და დოკუმენტის პირველივე პუნქტში ნახევარკუნძულზე უკრაინის კონტროლის აღდგენას მოითხოვს. ეს მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების ერთ-ერთი წინაპირობაა.
ევროპარლამენტი გმობს ნახევრაკუნძულის მოსახლეობის, პირველ რიგში, ყირიმელი თათრების უფლებების „დარღვევის უპრეცედენტოდ მაღალ დონეს“.
საუბარია ყირიმელი თათრების მიერ გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი აქციების შეზღუდვაზე. ასევე ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ყირიმის ეკონომიკაზე და სოციალურ სფეროზე მისი მილიტარიზაციის მაღალი დონე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ევროპარლამენტი მიესალმება უკრაინის ინიციატივას საერთაშორისო მოლაპარაკების მექანიზმის „ჟენევა +“-ის შექმნის შესახებ, რომლის მიზანია ყირიმზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები