გერმანიაში, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო, ორი პირი დააკავეს

გერმანიის პოლიციამ ორი პირი დააკავა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში არიან ეჭვმიტანილები.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ეს პირები ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ.
ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, დაკავებები გერმანიის დედაქალაქში და ქალაქ ატენდორნში მოხდა. ორივე დაკავებული წარმოშობით ალჟირელია. პოლიციის ცნობით, ერთ-ერთმა მათგანმა სირიაში სამხედრო მომზადება გაიარა.
გერმანიის პოლიცია აცხადებს, რომ ჯიჰადისტური დაჯგუფებების მხრიდან ტერორისტული საფრთხე ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია.
ამ დღეებში პოლიციამ რამდენიმე ოპერაცია ჩაატარა, ჩხრეკები მოეწყო ლტოლვილების ბანაკებში, ასევე ბინებში და ოფისებში. პოლიცია კიდევ ორ ეჭვმიტანილს ეძებს. რეიდებში 400-ზე მეტი სამართალდამცველი მონაწილეობდა. დღესვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიოლნის ტრადიციულ კარნავალზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნება მიღებული.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ქალაქში ახალი წლის ღამეს ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ჩასულ პირთა მხრიდან სექსუალური ძალადობის მრავალი ფაქტი დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები