კაიროში იტალიელი სტუდენტის მკვლელობის გამო, ეგვიპტის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კაიროში იტალიელი სტუდენტის მკვლელობის გამო, რომში ეგვიპტის ელჩი დაიბარა, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
28 წლის ჯულიო რეჯენი 25 იანვარს საღამოს მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც კაიროს შემოგარენში მდებარე საცხოვრებელი დატოვა და მეგობართან წავიდა.
ეგვიპტის გაზეთ „ალ-აჰრამის“ ინფორმაციით, რეჯენის სხეული კაიროს შემოგარენში აღმოაჩინეს და მას ძალადობის კვალი შეენიშნებოდა.
„ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით კი, იტალიელი სტუდენტის ცხედარი ნაწილობრივ დამწვარი იყო. გიზას რაიონის პოლიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ რეჯენი, სავარაუდოდ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.
იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეგვიპტის ხელისუფლებას ამ ფაქტის ზედმიწევნით გამოძიებისკენ მოუწოდა.
ჯულიო რეჯენი დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა. ეგვიპტეში ის კაიროს ამერიკის უნივერსიტეტში სტაჟირების გასავლელად ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები