„ბი-ბი-სიმ“ მესამე მსოფლიო ომზე დოკუმენტური ფილმი აჩვენა (ვიდეო)
“ბი-ბი-სის“ მეორე არხმა დოკუმენტური ფილმი აჩვენა, რომელშიც რუსეთსა და დასავლეთს შორის ბირთვული ომის ჰიპოტეთური სცენარია გათამაშებული. ფილმის სახელწოდებაა: „მესამე მსოფლიო ომი: სამეთაურო პუნქტში“ (WWW: Inside the War Room). მან რუსეთში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.
ფილმის მიხედვით, ლატვიის ერთ-ერთ რაიონში რუსულენოვანი მოსახლეობა მოსკოვის ხელშეწყობით გადატრიალებას აწყობს და „ლატგალის სახალხო რესპუბლიკას“ აცხადებს. ამის შემდეგ რუსეთის ჯარის დახმარებით ისინი ლატვიის აღმოსავლეთ ნაწილის სხვა რაიონებზეც და ლატვია-რუსეთის საზღვარზე კონტროლს ამყარებენ.
ფილმის ბოლო წუთები დრამატიზმით არის სავსე. მასში შტაბის მონაწილეები ცდილობენ, მიიღონ გადაწყვეტილება, განახორციელონ თუ არა რუსეთზე ბირთვული დარტყმა, ვინაიდან თავდასმა მოხდა ნატოს ერთ-ერთ წევრ ქვეყანაზე.
რუსეთის სახელმწიფოს სათათბიროს დეპუტატმა ალექსეი პუშკოვმა უკვე უწოდა ამ ფილმს „საინფორმაციო დანაშაული“, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ამ და სხვა მსგავსი ფილმების ჩვენებას „ცივი ომის“ პერიოდში დაბრუნების მცდელობას უწოდებს. გასული წლის შემოდგომაზე ნორვეგიის ტელევიზიით ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი, სადაც რუსეთი ამ ქვეყნის ოკუპაციას ახდენს.