ეგვიპტის სააპელაციო სასამართლომ ექსპრეზიდენტის მომხრეებისთვის გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი გააუქმა

ეგვიპტის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სასიკვდილო განაჩენი, რომელიც მანამდე ექსპრეზიდენტ მუჰამედ მურსის 149 მომხრეს გამოუტანეს. მათ 2013 წელს პოლიციელების მკვლელობაში ადანაშაულებდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე ხელახალი პროცესი უნდა გაიმართოს. ეგვიპტეში აკრძალული ორგანიზაციის – „ძმები მუსულმანების“ წევრებს კაიროს მახლობლად პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმა ბრალდებათ.
ის 2013 წელს მოხდა და შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. 2014 წლის ივნისში ეგვიპტის სასამართლომ „ძმები მუსულმანების“ 183 წევრს, 2013 წელს მასობრივ არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, თუმცა ამ განაჩენების უდიდესი ნაწილი მოგვიანებით გაუქმდა.
გასული წლის ზაფხულში ეგვიპტის ყოფილ პრეზიდენტს და „ძმები მუსულმანების“ ლიდერს მუჰამედ მურსის სასამართლომ ასევე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები