მიხეილ კასიანოვი რამზან კადიროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მიხეილ კასიანოვმა უშიშროების ფედერალურ სამსახურს მიმართა, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით, სამი მუხლით – სახელმწიფო მოხელის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, ექსტრემისტული საქმიანობისთვის მოწოდება და ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნა.
როგორც სააგენტო „რბკ“-ს კასიანოვის ადვოკატმა ვადიმ პროხოროვმა აცნობა, კადიროვის წინააღმდეგ უშიშროების ფედერალურ სამსახურში მათ ოფიციალური განცხადება უკვე შეიტანეს.
ანალოგიური დოკუმენტი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტშიც შევა.
„თუ უშიშროების ფედერალური სამსახური ამ ფაქტზე რეაგირებას არ მოახდენს, გამოდის, რომ რუსეთში არის მთელი ტერიტორია, რომელიც ქვეყნის კანონებს არ ემორჩილება“, – განაცხადა ვადიმ პროხოროვმა.
შეგახსენებთ, რომ 1-ელ თებერვალს რამზან კადიროვმა ინსტაგრამში გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, რომელშიც ის თითქოს მიხეილ კასიანოვს სნაიპერის შაშხანით უმიზნებს. ვიდეოს თან ახლდა კომენტარი: „კასიანოვი სტრასბურგში რუსეთის ოპოზიციისთვის ფულის ასაღებად ჩავიდა. გამგები გაიგებს“.
მოგვიანებით ინსტრაგრამმა ეს ვიდეორგოლი წაშალა, ვინაიდან ის სოციალური ქსელის წესებს არღვევს. რამზან კადოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას სხვა ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციებიც მოითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები