უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები დღე – ღამის განმავლობაში 55-ჯერ დაიბომბა

აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები დღე-ღამის განმავლობაში 55-ჯერ დაიბომბა. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ინფორმაციით, ცეცხლი ნაღმმტყორცნებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან გაიხსნა.
უკრაინელი სამხედროების მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა პესკის, ოპიტნის, ავდეევკას და მარინკის მიდამოებში.
ეუთოს წარმომადგენელთა ინფორმაციით, დაბომბვის ადგილას დარჩა ორმოები, რომლებიც 120-მმ-იან ჭურვებს შეეძლოთ გამოეწვიათ. პრორუსი სეპარატისტების ინფორმაციით კი, სტარომიხაილოვკის და დონეცკის მახლობლად მათ უკრაინელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, რა დროსაც 82-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნები, ყუმბარმტყორცნები და ავტომატური იარაღი გამოიყენეს. ორი დღის წინ ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა საკონტროლო პუნქტ „ზაიცევოს“ დროებითი დახურვის შესახებ განაცხადეს. მიზეზი ამ რაიონში განახლებული ორმხრივი სროლაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები