პაკისტანში საპროტესტო აქციის დარბევის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა
პაკისტანის ქალაქ კარაჩიში, ავიაკომპანია Pakistan International Airlines-ის თანამშრომელთა საპროტესტო აქციის დარბევის დროს, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. „ბი–ბი–სის“ ცნობით, აქცია „ჯინას“ აეროპორტთან გაიმართა.
აქციის დასაშლელად პოლიციელებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს. დემონსტრანტები აეროპორტის შენობაში შეღწევას ცდილობდნენ. ადგილობრივი საავადმყოფოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აქციის მონაწილე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა, თუმცა პოლიციელები ამბობენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებიათ.
Pakistan International Airlines-ის თანამშრომლების აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ პაკისტანის უმსხვილესი ავიაგადამზიდავის პრივატიზება იგეგმება. ავიაკომპანიის თანამშრომელთა საპროტესტო აქციები ისლამაბადში, ლახორში, მულტანში და პეშავარშიც გაიმართა. ამ ქალაქებში ინციდენტები არ მომხდარა.