მაკა ჩიჩუა თუში ქალების ხელსაქმის სოციალური საწარმოს პრეზენტაციას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის – თუში ქალების ხელსაქმის სოციალური საწარმოს პრეზენტაციას პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დაესწრო.
პროექტის ავტორი „დიალოგისა და განვითარების სახლია“, სოციალური საწარმო სოფელ ალვანში ჩამოყალიბდა და იგი თუშეთში ქალთა თემის გაძლიერებას ემსახურება.
პრეზენტაციაზე პროექტის მონაწილეებზე გადაღებული დოკუმენტური ფოტომასალის და სასწავლო პროცესის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
მაკა ჩიჩუას პროექტის ბენეფიციარებმა საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
პირველი ლედის თქმით, პროექტმა თუშ ქალებს დასაქმებისა და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის საშუალება მისცა.
„ამ პროექტმა საშუალება მისცა თუშ ქალებს, რომ დასაქმდნენ და აღადგინონ კულტურული მემკვიდრეობა. აქ გამოფენილი ნამუშევრები, რეალური მაგალითია იმისა, რომ ასეთ პროექტებს აუცლებლად სჭირდება მხარდაჭერა. ქალები არაჩვეულებრივად ართმევენ თავს იმას, რაც გენეტიკურად გვაქვს, ნიჭი, რომელსაც სჭირდბა განვითარება და ხელშეწყობა. ვფიქრობ, ასეთი პროექტების მხარდაჭერა ყოველთვის მისასალმებელია“, – აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.
პრეზენტაციას პროექტში ჩართული ექსპერტ-პედაგოგები და პროექტის მონაწილე ბენეფიციარი, თუში ქალბატონები დაესწრნენ. პროექტის თანადამფინანსებლები არიან: გერმანიის საზოგადოება საერთაშორისო თანამშრომლობისათვის (GIZ) და ეკონომიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (EPRC).