„თუ სათქმელი ავტორის გულიდან არ წამოვიდა, ის ვერც მკითხველის გულამდე მიაღწევს“ – თამთა ტაბატაძის ჰობი და სიყვარული

დაიბად თბილისშიდაამთავრ 106- საჯარო სკოლა. სწავლობდ უცხო ენების ფაკულტეტზე (ინგლისურის პედაგოგის განხრით), თუმცა  არასოდეს მუშავია სპეციალობით.
ამჟამად ზესტაფონის რაიონის  სოფელ ბოსლევში ცხოვრობს. თან ოჯახზე ზრუნავს და თან ლიტერატურულ პროცესებშიც აქტიურად არის ჩართული. რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსის გამარჯვებული და გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული კონკურსის ორგზის პრიზიორია.
ამბობს, რომ მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა წიგნების კითხვა და  წერა.  – თამთა ტაბატაძის პერსონა.

– თბილისში დაიბადეთ.  საინტერესო ბავშვობიდან…
– დიახ, თბილისში დავიბადე. ჩემი ბავშვობა 90-იან წლებს დაემთხვა. რთული დრო იყო, გემახსოვრებათ, მაგრამ იყო რაღაც ისეთი, რაც დღეს აღარ არის, გაქრა თითქოს. მაინც ვთვლი, რომ იმ სირთულეების მიუხედავად, ტკბილი ბავშვობა მქონდა, რადგან ადამიანებს შორის ურთიერთობები იყო ნამდვილი, ჯანსაღი და თბილი. ალბათ ამ ყველაფერმა გადაგვატანინა სიძნელეები. წერის სურვილიც, ჩემში, სწორედ იმ წლებში გაჩნდა.
მაშინ ბავშვებს არ გვქონდა სმარტფონები და ინტერნეტი. ჩემი გატაცება წიგნების კითხვა იყო. შინ საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა გვქონდა. როდესაც თაროდან რომელიმე წიგნს გადმოვიღებდი, სავარძელში მოვკალათდებოდი და კითხვას ვიწყებდი, ჩემთვის ახალი სამყაროს კარი იღებოდა, ფანტაზია კი ფრთებს შლიდა და უკიდეგანოდ ვითარდებოდა. მაშინ გამიჩნდა წერის სურვილიც, ჯერ დღიურებს ვწერდი, შემდეგ ლექსებს, ზღაპრებს და ჩანახატებს. მართალია, ის ნაწერები პატარა ბავშვის წარმოსახვის ნაყოფი იყო მხოლოდ, თუმცა რომ არა ის წლები და მაშინდელი გამოცდილება, ალბათ დღეს ვერაფერს დავწერდი.
– უცხო ენების ფაკულტეტზე სწავლობდით…
– უცხო ენების სწავლის სურვილი ბავშვობიდან მქონდა. მაშინ საბავშვო ბაღში უცხო ენებს არ ასწავლიდნენ, თუმცა ჩემი მასწავლებლის შვილმა, რომელიც ჩემზე ცოტათი უფროსი იყო, ინგლისური იცოდა და როცა დედასთან მოდიოდა ხოლმე ბაღში, ჩემი თხოვნით მასწავლიდა რაღაც სიტყვებს. სკოლაში სწავლის პერიოდშიც განსაკუთრებული მონდომებით ვსწავლობდი ინგლისურს და პროფესიის არჩევის დროს ბევრი აღარ მიფიქრია. რამდენიმე თვე გერმანულის კურსებზეც დავდიოდი, ძალიან მინდოდა ესპანურის სწავლაც. მაშინ ვერ მოვახერხე, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ახლა ავისრულო ეგ სურვილი, რადგან სწავლა და თვითგანვითარება არასოდეს არის გვიან.–  როდის დაიწყეთ წერა? პირველი ნოველები?
– როგორც წეღან აღვნიშნე, ჩემში წერის სურვილი ბავშვობაში გაღვივდა, თუმცა დიდი ხნის მანძილზე არაფერი დამიწერია. ჩემს ცხოვრებაში იყო ცვლილებების ეტაპი. გავთხოვდი, შვილები შემეძინა და რაიონში გადავედი საცხოვრებლად. დავიწყე სრულიად ახალი ცხოვრება. ბევრი რამის სწავლა მომიხდა. ამიტომ გარკვეული პერიოდი არათუ ვერ ვწერდი, წიგნების კითხვასაც ვერ ვახერხებდი.
რამდენიმე წლის წინ, დავიწყე საოჯახო ბიბლიოთეკის გაკეთება და თავიდან დავეწაფე მხატვრულ თუ დოკუმენტურ ლიტერატურას. წერის მიძინებულმა სურვილმაც მაშინ გაიღვიძა. დაახლოებით 4 წლის წინ დავწერე პირველი ნოველა ,,ღვთისო”. დიდხანს ვფიქრობდი, ღირდა თუ არა  სოციალურ ქსელში მისი გამოქვეყნება, საბოლოოდ საკუთარ თავს ნდობა გამოვუცხადე და ტექსტი ერთ-ერთ ლიტერატურულ ჯგუფში გავაზიარე. მკითხველის დადებითმა, თბილმა შეფასებებმა კი მოტივაცია მომცა, ფრთები შემასხა და აი, დღემდე ვწერ.
– წერთ როგორც საბავშვო ისე სადიდო მოთხრობებს. რა არის თემატიკა… და მაინც, რომელს მიანიჭებდით უპირატესობას?
– თავდაპირველად ვწერდი ნოველებს უფროსებისთვის. მაშინ საბავშვო ნაწარმოების წერაზე არ მიფიქრია. პირველად, პატარებისთვის ლექსები დავწერე ერთ-ერთი გამომცემლობის დაანონსებული კონკურსისთვის. ძალიან სპონტანურად მოვიდა ლექსების იდეა. მეც გავგზავნე ჩემი ნამუშევრები და ფინალისტებს შორის მოვხვდი. ამის შემდეგ დავწერე კიდევ რამდენიმე საბავშვო ლექსი და მოთხრობა, რაც ასევე წარმატებული აღმოჩნდა. – საბავშვო ნოველამ „რატომ დაკარგა ცისარტყელამ ფერები“ რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსში გაიმარჯვა. იოლი როდია საბავშვო ნაწარმოებების წერა. როგორ დაიწერა ეს ნოველა და თქვენი განცდა, როდესაც გამარჯვებული გახდით?
– გეთანხმებით, ნამდვილად არ არის მარტივი ბავშვებისთვის წერა, პირიქით, ალბათ უფრო რთულიცაა, რადგან პატარების ფსიქიკა მყიფეა და დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორ მიაწოდებ სათქმელს. ბავშვობაში წაკითხული ტექსტები, როგორც წესი, დიდწილად გავლენას ახდენს პიროვნების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. პირადად მე, ვცდილობ ვწერო პატარებისთვის გასაგები, მარტივი ენით და თან აქცენტი გავაკეთო ადამიანურ ფასეულობებზე.
რაც შეეხება რევაზ ინანიშვილის სახელობის კონკურსში გამარჯვებას, ეს ჩემთვის საოცარი სიხარული და დაუვიწყარი ემოცია იყო, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მთელი ცხოვრება გამყვება. ზღაპარი ,,რატომ დაკარგა ცისარტყელამ ფერები” ერთ დღეში დაიწერა და მიხარია, რომ როგორც კონკურსის ჟიურის წევრების, ასევე პატარა მკითხველების მოწონება დაიმსახურა. ზღაპარი ბავშვებს ასწავლის უანგარო სიკეთეს, მეგობრობასა და სიყვარულს.
– გოდერძი ჩოხელი კონკურსში „ერთგულება“ მინიატურა „წაუკითხავი წერილები“ საუკეთესოთა შორის მოხვდა. მინიატურა ემიგრაციის მტკივნეულ პრობლემაზეა. ალბათ კონკურსისთვის დაიწერა. ზოგადად, რას ფიქრობთ, რამდენად სჭირდება მწერალს კონკურსები?
– გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსი იყო პირველი, სადაც ჩემი ნამუშევარი გავგზავნე, თუმცა მარტივად არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, რადგან მეგონა, არ ვწერდი იმდენად კარგად, რომ ლიტერატურულ კონკურსში მეცადა ბედი. თუმცა გავრისკე და ჩემი მინიატურა ,,ქალი” 6 საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა. ამ წარმატებამ საკუთარი თავის რწმენა შემმატა, რაც ნამდვილად მჭირდებოდა.
მას შემდეგ იყო არაერთი კონკურსი და წარმატება.
წელს, მეორედ გავხდი გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსის პრიზიორი და ჩემთვის ძალიან საამაყო და სასიხარულოა ეს ფაქტი. რაც შეეხება ჩემს მინიატურას ,,წაუკითხავი წერილები”  საკმაოდ მძიმე და ემოციური თემა შევარჩიე – ემიგრაცია. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ პირადად მე ეს პრობლემა არასოდეს შემხებია.
იმ ძალიან მცირერიცხოვანი ოჯახების წარმომადგენელი ვარ, სადაც არ ჰყავთ და არც არასდროს ჰყოლიათ ემიგრანტი. თუმცა, თემა იმდენად აქტუალური და მასშტაბურია ჩვენი პატარა ქვეყნისთვის, მეც განვიცდი ამ ტკივილს. განსაკუთრებით რთულია, როცა დედას უწევს მცირეწლოვანი შვილის დატოვება და ემიგრაციაში წასვლა. ვისურვებდი, რომ არცერთ დედას და არცერთ შვილს არ ეცხოვროთ ერთმანეთის მონატრებით.
რაც შეეხება ლიტერატურული კონკურსებს… ხშირად მითქვამს და ახლაც აღვნიშნავ, რომ მსგავსი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც წერა უყვარს და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა სურს.. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც რეგიონებში ცხოვრობს და აქტიურად არ არის ჩართული ლიტერატურულ ცხოვრებაში. როგორც, მაგალითად, მე. მსგავსი ონლაინ კონკურსები ფაქტობრივად ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ ჩვენი სათქმელი მკითხველს გავუზიაროთ და გავხდეთ დიდი, ლიტერატურული ოჯახის ნაწილი.
– დაწერამდე იცით სიუჟეტი თუ წერის პროცესში იცვლება?
– თითქმის არასოდეს ვიცი, როგორ დასრულდება სიუჟეტი მიუხედავად იმისა, რომ მცირე ზომის ნაწარმოებებს ვწერ. ასე მგონია, ჩემი მოთხრობების გმირები ჩემგან დამოუკიდებლად ცხოვრობენ, ფიქრობენ, მოქმედებენ… მე კი უბრალოდ თვალს ვადევნებ და მათი ამბავი ფურცლებზე გადმომაქვს. ვთვლი, რომ მთავარი გულწრფელობაა. თუ სათქმელი ავტორის გულიდან არ წამოვიდა, ის ვერც მკითხველის გულამდე მიაღწევს.

შვილებთან ერთად

– მოთხრობების გმირები რეალური ცხოვრებიდან არიან? რომელ პერსონაჟს გამოარჩევდით?
– ზოგიერთი გმირი გამოგონილია, თუმცა უმეტესობას ჰყავს პროტოტიპი. მოთხრობების იდეაც ხომ რეალური ცხოვრებიდან მოდის. შეიძლება ქუჩაში, ტრანსპორტში გავიგონო რაიმე ფრაზა, რეპლიკა და შემდეგ იმ ფრაზაზე ავაგო მთელი სიუჟეტი. საყვარელი პერსონაჟი? ყველა მიყვარს. მაგრამ, ჩემი პირველი ნოველის გმირი – ღვთისო – განსაკუთრებით. მისი პროტოტიპი ჩემს სოფელში ცხოვრობდა. რა თქმა უნდა პერსონაჟში ბევრი რამ შევცვალე და ამბავიც გამოგონილია, მაგრამ ვფიქრობ იმდენად საინტერესო, რეალისტური გმირი გამოვიდა, მგონია, რომ სადღაც, სოფლის ორღობეში, წითელი nike-ის კეპით მართლაც დადის ღვთისო და საყვარელ სიმღერას ღიღინებს.
– რომელ მოთხრობას ან ნოველას გამოყოფდით თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან?
– მეოცე საუკუნეში საქართველოში გვყავდა არაჩვეულებრივი ნოველისტები, ადამიანები, რომლებმაც არაერთი დაუვიწყარი მოთხრობა გვაჩუქეს. ნიკო ლორთქიფანიძე, რევაზ ინანიშვილი, ნოდარ დუმბაძე, გოდერძი ჩოხელი, ჯემალ ქარჩხაძე და ა. შ. რთულია, შექმნა ისეთი მოთხრობა, რომელიც ადამიანზე ღრმა კვალს დატოვებს, რადგან მცირე ზომის ნაწარმოები თითქოს, უფრო ადვილად ავიწყდება მკითხველს. თუმცა, არსებობს ნაწარმოებები, რომელიც თვალებით კი არა, გულით იკითხება და სამუდამოდ რჩება ჩვენს მეხსიერებაში. ასეთი მოთხრობები თუ ნოველები, საბედნიეროდ, მრავლად გვაქვს ქართულ ლიტერატურაში. მიჭირს, რომელიმე გამოვარჩიო, რადგან არაერთი მოთხრობა მიყვარს.–  სამი შვილის დედა პარალელურად – აქტიურად ხართ ჩართული ლიტერატურულ პროცესებში. მონაწილეობთ კონკურსებში… როგორ ასწრებთ წერას, ოჯახის საქმეებს?
– საოჯახო საქმეები მართლაც დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, მით უმეტეს სოფელში. თუმცა, როცა თავისუფალი დრო მრჩება, ვცდილობ კითხვას და წერას დავუთმო, რადგან სწორედ ეს არის ჩემთვის საუკეთესო განტვირთვა და დასვენება.
–  როგორც ვიცი, საკუთარი კრებული ჯერ არ გამოგიციათ…
– საკუთარი კრებული ამ ეტაპზე არ მაქვს. ჩემი ერთი მოთხრობა დაიბეჭდა „ჩემი გამომცემლობის” მიერ გამოცემულ წიგნში, სადაც თავმოყრილია ლიტერატურული კონკურსის შედეგად შერჩეული ათი პროზაული ნამუშევარი. ასევე, საბავშვო კრებულში გამოქვეყნდა ჩემი რამდენიმე ლექსი. თუმცა, სამომავლოდ ვგეგმავ საკუთარი კრებულის გამოცემას. დაწერილი მაქვს, ასევე, საბავშვო ზღაპარი და ძალიან მინდა პატარა მკითხველამდე მივიტანო. იმედი მაქვს, განვახორციელებ ჩემს ჩანაფიქრს.
– ჰობი…
– ამ შემთხვევაში ახალს ვერაფერს ,გეტყვით –  ჩემი ჰობი, გატაცება და სიყვარული არის წიგნები… კითხვა, წერა, შემეცნება. გარდა ამისა, ფეხბურთის დიდი გულშემატკივარიც ვარ და მუდამ აქტიურად ვადევნებ თვალს თამაშებს. – ახალი წელი მოდის. როგორია საახალწლო განწყობა? რა შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ახალი წელი ყოველთვის ახალ გამოწვევებთან, ახალ შესაძლებლობებთან, რაღაც ახლის საწყისთან ასოცირდება. მეც იმედიანად ვხვდები ახალ წელს. სადღესასწაულო განწყობა ახლაც ისეთივე მაქვს, როგორიც პატარა თამთას ჰქონდა. ძირითადად წინასაახალწლო სამზადისი მიყვარს, როგორც წესი, დეკორაციებს საკუთარი ხელით ვქმნი ხოლმე.
რომ შემეძლოს, ჩემ გარშემო შევცვლიდი მოწყენილ სახეებს, ცრემლიან თვალებს, ტკივილით აღსავსე გულებს… მსურს ადამიანები ასხივებდნენ სინათლეს და არა მხოლოდ საახალწლო ილუმინაციები. ერთი ადამიანი, ცხადია, ვერ შეცვლის სამყაროს, თუმცა თუ ერთად დავდგებით, თუ სიკეთისთვის გავერთიანდებით, ყველაფერს შევძლებთ.
მინდა, ჩემს ქართველ ხალხს მივულოცო შობა-ახალი წელი და ვუსურვო მშვიდობა, წინსვლა და კეთილდღეობა. ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ყველა ჩვენგანისთვის 2026…
– სამომავლო გეგმები…
– ჩემი გეგმები, უპირველეს ყოვლისა, ჩემს შვილებს უკავშირდება. მინდა მათი წარმატებული და ბედნიერი მომავლისთვის ყველაფერი გავაკეთო. პირადად მე რაც შემეხება, მსურს უფრო ფართო მასებმა გამიცნოს როგორც ავტორი, გამოვცე წიგნები და შემდეგ ვნახოთ, დრო გვიჩვენებს დანარჩენს.

 

                                                                                           თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები