ინფრასტრუქტურის სამინისტროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის მოადგილესთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის მოადგილესთან, კარლო ნატალესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ევროინტეგრაციის, რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტის უფროსმა, რევაზ კაკულიამ დეტალურად მიმოიხილა და შეაჯამა ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში რეგიონული განვითარების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მიღწევები, სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული მხარის მიერ რეგიონული განვითარების პოლიტიკის დაგეგმვა-განხორციელება სრულად შეესაბამება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. მეტიც, ხდება რეგიონული განვითარების პოლიტიკის ახალი ინსტრუმენტების პროცესების მისადაგება, რეგიონული გამოთანაბრების (კოჰეზიის) ფარგლებში, წევრი სახელმწიფოების ანალოგიურ პრაქტიკასთან.
უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის უფროსმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ამ პროცესებში დახმარებისათვის და აღნიშნა, რომ აუცილებელია გაიზარდოს ევროკავშირის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა, საქართველო კი მზად არის ამ დახმარების ეფექტიანი ათვისებისათვის. ევროკავშირის დელეგაციის ელჩის მოადგილემ, თავის მხრივ, ევროკომისიის რეგიონების გენერალურ დირექტორატთან თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაზე ისაუბრა. ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2015 წლის დეკემბერში ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ მოახდინა ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული შეთანხმება უახლოეს მომავალში სრულად ამოქმედდება.