“ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით “ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს. პარტიის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად განიხილავს გარდაბნის არჩევნებში კანდიდატის მოხსნის საკითხს.
“ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, კანდიდატის მოხსნის რეალური მიზეზია ის გარემოებაა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ გარდაბანში ვერ ახერხებს ამომრჩეველთა ხმების მეტ-ნაკლებად სოლიდური რაოდენობის მიღებას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში 22 იანვარს გაიმართება ბრიფინგი.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად განიხილავს გარდაბნის არჩევნებში კანდიდატის მოხსნის საკითხს. ამ გადაწყვეტილების გახმოვანებისთვის ნიადაგის შემზადებას ემსახურებოდა ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის მიერ სრულიად ალოგიკურ დროს, არჩევნებამდე 8 დღით ადრე გავრცელებული განცხადება გარდაბნის არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადების შესახებ. განცხადებაში ნათლად იკითხება მისი რეალური მიზანი, ხელოვნური ახსნა მოუმზადოს “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანდიდატის მოხსნას. კანდიდატის მოხსნის რეალური მიზეზია ის გარემოება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გარდაბანში ვერ ახერხებს ამომრჩეველთა ხმების მეტ-ნაკლებად სოლიდური რაოდენობის მიღებას. გარდაბნის არჩევნების შედეგები ცხადყოფს იმ სოციოლოგიური კვლევების სიყალბეს, რომელთა თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი დრამატულად არის შემცირებული, ხოლო “ნაციონალური მოძრაობა“ რეიტინგის სტაბილურად შენარჩუნებას ახერხებს.
“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში 22 იანვარს გაიმართება ბრიფინგი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“,-აღნიშნულია განცხადებაში.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც გარდაბნის გამგებელი გარსევან ნიორაძე გარდაიცვალა. გარდაბანში რიგგარეშე არჩევნები 2016 წლის 28 იანვარს ჩატარდება. “ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ” გამგებლობის კანდიდატად გოჩა ჯამარაული წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები