ევროპარლამენტმა საქართველოსთან ასოცირებისა და DCFTA-ს შეთანხმებების შესახებ რეზოლუცია გამოაქვეყნა

 

ევროპარლამენტმა საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდავეთთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე რეზოლუცია გამოაქვეყნა.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი მიესალმება ევროკომისიის დადებით შეფასებებს საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე. ამასთან, ევროპარლამენტი იმედოვნებს, რომ საბჭო და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოსა და უკრაინასთან უვიზო რეჟიმის შემოღებაზე გადაწყვეტილებას არ შეაყოვნებენ.

ევროპარლამენტი მოუწოდებს შესაბამის ევროპულ სტრუქტურებს, ასოცირების შეთანხმების ქვეყნებთან ერთად შეიმუშავონ ნდობის განმტკიცებისკენ მიმართული ზომები, რომელიც შეამსუბუქებდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას და ხაზს უსვამს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მნიშვნელობას.

ამასთან, ევროპარლამენტი აფიქსირებს 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეცვლას და მიესალმება განცხადებებს საპარლამენტო ოპოზიციასთან თანამშრომლობის შესახებ. ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს განხორციელებულ რეფორმებს სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლო სტრუქტურების სტაბილურობის, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების მიზნით, ასევე მიესალმება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტალური თავისუფლებების დაცვის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს რეფორმები არასაკმარისია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები