დავით უსუფაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, იენჩი ძისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორივე მხარე, დიდი ინტერესით აგრძელებს იმ ურთიერთობებს, რომლებიც ბოლო წლებში ჩამოყალიბდა და რაც ორივე ქვეყნისთვის მეტი პოზიტივის და სარგებლის მომტანია.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტო დელეგაციების ოფიციალური ვიზიტების მნიშვნელობას, რომლებიც გასულ წლებში შედგა. ამ მხრივ კი ყურადღება ერთიანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენლობათა პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის საქართველოში სტუმრობაზე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩინეთში გამართულ შეხვედრებზე გამახვილდა.
ჩინელმა დიპლომატმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია წარმოადგენდეს მის ქვეყანას საქართველოში და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
მისი განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან და ევროპის ბაზართან დაახლოებას მისი ქვეყანა დიდი ინტერესით განიხილავს, რაც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს. დავით უსუფაშვილმა ჩინეთის ელჩს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩინეთის მხარე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ ახორციელებს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საერთაშორისო არენაზე ჩინეთის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას საქართველო შესაბამის შეფასებებს აძლევს და მოხარულია, რომ ამ ქვეყნის სახით ქართულ სახელმწიფოს კარგი მეგობარი ჰყავს. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მიმოიხილეს და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე – უსაფრთხოების და ტერორიზმის საფრთხეებზეც ისაუბრეს. იენჩი ძი საქართველოში დიპლომატიური მისიის შესრულებას 2015 წლის ბოლოდან შეუდგა. მანამდე კი, იგი სამი წლის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, გენერალური კონსულის თანამდებობას იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები