კახა კალაძე: აზერბაიჯანთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ

მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა – ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანთან მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა.
როგორც კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი გაზსაცავის მშენებლობას შეეხებოდა, რომელიც 2016 წელს დაიწყება.
„მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ და მინდა განვაცხადო, რომ აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ჩვენ მომავალშიც ვაგრძელებთ თანამშრომლობას. საუბარი იყო გაზსაცავის მშენებლობაზე, რომლის დაწყებასაც 2016 წელს ვაპირებთ. ასევე, ამ პროექტში მონაწილეობის ინტერესი აქვს „სოკარს“. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება ზუსტად იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ ზამთარ-ზაფხულის მოხმარების თვალსაზრისით.
თქვენ იცით, რომ „სოკარის“ ორივე მილსადენი, რომლითაც ვიღებთ ბუნებრივ აირს, დღეს მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ, ვგეგმავთ და არის იმის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რომელიც მოგვცემს ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარების შესაძლებლობას“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები