პროკურატურაში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი დაიწყო (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპს დაესწრო. მთავარმა პროკურორმა კონკურსის მონაწილეებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ საქართველოს პროკურატურა ყოველთვის მიესალმება მომზადებულ, სათანადო ცოდნის და საჭირო უნარების მქონე პერსპექტიულ კადრებს.
საქართველოს პროკურატურაში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი პროფესიული მიმართულებით ტესტირებას მოიცავს და ელექტრონული ფორმით ტარდება. კონკურსის მონაწილემ 100 კითხვიდან გამსვლელი ქულის მოსაპოვებლად 75 ქულიანი ზღვარი უნდა გადალახოს.
სტაჟიორთა კონკურსი 3 ეტაპს მოიცავს. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები ზოგადი უნარების ტესტირებას გაივლიან, ხოლო ბოლო ეტაპი საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება იქნება.
საბოლოოდ შერჩეულ კანდიდატებს, თავდაპირველად სპეციალური მოსამზადებელი სასწავლო კურსი ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც სტაჟირებაზე საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა ტერიტორიულ ორგანოებში გადანაწილდებიან. პროკურატურაში ანაზღაურებადი სტაჟირება 1 წლამდე გრძელდება, რაც ნებისმიერ მონაწილეს დასაქმებისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.
საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების კონკურსზე განაცხადი 1300-ზე მეტმა მსურველმა შემოიტანა. შემოსული აპლიკაციების გადარჩევა წინასწარ გამოცხადებული მოთხოვნების შესაბამისად მოხდა. პირველი ეტაპის ტესტირება 3 დღის განმავლობაში 6 ჯგუფისთვის ჩატარდება.
ბოლო წლების განმავლობაში პროკურატურის ორგანოებში სტაჟირება 500-ზე მეტმა პირმა გაიარა. სტაჟიორთა კონკურსი საქართველოს პროკურატურაში დასაქმებისა და კარიერული განვითარების ერთერთი ყველაზე რეალური შესაძლებლობაა. დღეისათვის პროკურატურის ორგანოებში 433 პროკურორიდან 202 ხოლო 91 გამომძიებლიდან 45 ყოფილი სტაჟიორია. რაც შეეხება მენეჯერულ პოზიციებს, მათი უმრავლესობა ასევე ყოფილ სტაჟიორებს უკავიათ. მათ რიცხვში შედის მთავარი პროკურორი, მთავარი პროკურორის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები, სამმართველოს უფროსები, საოლქო და რაიონული პროკურორები და მათი მოადგილეები.
ამჟამად საქართველოს პროკურატურაში კონკურსის წესით შერჩეული 53 პირი გადის სტაჟირებას.
წარმატებული კონკურსანტები სპეციალურ სასწავლო მომზადებას გაივლიან როგორც სისხლის სამართლის, სისხლის სამართლის პროცესის, პროფესიული ეთიკის, საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, ასევე სამართლებრივი წერის, კომუნიკაციის, სასამართლო გამოსვლებისა და მათთვის საჭირო სხვა საკითხებში. სასწავლო პროგრამა ორიენტირებულია იმ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომელიც სტაჟიორებს პროფესიული საქმიანობის ეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება და მომავალში დასაქმებისა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას მისცემს.
1929947_965136433575288_2920802726962858052_n 12509070_965136230241975_7598313594875354635_n 12522943_965136263575305_4757467213663604255_n 12548992_965136420241956_5289643302834129544_n 12552818_965136210241977_3174662427035472404_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები