ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შესაძლოა, გაგრძელდეს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ შესაძლოა, კვლავ სანქციები განხორციელდეს. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ იუწყება.
გაზეთი წერს, რომ 25-29 იანვარს სტრასბურგში დაგეგმილ სესიაზე რუსეთის დელეგაციის წინააღმდეგ სანქციებს შესაძლოა, მხარი დაუჭირონ შვედეთმა, ლიტვამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა. რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში მოსკოვი ევროსაბჭოში საწევრო შენატანს არ გადაიხდის.
„რა აზრი აქვს იმ ორგანიზაციაში საწევროს გადახდას, რომლის მუშაობაში ჩვენ არ ვმონაწილეობთ?“ – განუცხადა „იზვესტიას“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა ვლადიმერ ჯაბაროვმა.
2015 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო რუსეთის ფედერაციას ხმის მიცემის, არჩევნების მონიტორინგის და ევროსაბჭოს სხვადასხვა სტრუქტურაში მუშაობის უფლება ჩამოართვა. ამის საპასუხოდ რუსეთის დელეგაციამ ასამბლეა 2015 წლის ბოლომდე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები