მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) დირექტორთა საბჭოს და წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ბიზნესწრეების წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების და ასევე ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგში მიღწეული პროცესის თაობაზე.
ასევე საუბარი შეეხო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) რეჟიმის იმპლემენტაციას.
მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ევროკავშირთან ინტეგრაციის კონტექსტში საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები, რაც, მისი თქმით, კიდევ უფრო ზრდის როგორც საქართველოს, ასევე რეგიონის ეკონომიკურ მიმზიდველობას და სტაბილურობას.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და საქართველოში ევროპული ინვესტიციების მოზიდვის მნიშვნელობას.
მინისტრის განცხადებით, უწყება მზად არის, აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა საგარეო უწყების საქმიანობაში კომერციული დიპლომატიის როლის გაძლიერებაზე და ამ პროცესში საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოების მაქსიმალურ ჩართულობაზე.
მისი განცხადებით, უწყების საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება საზღვარგარეთ საქართველოს პოზიტიური იმიჯის ფორმირება, მისი საინვესტიციო და ეკონომიკური პოტენციალის თაობაზე ცნობადობის გაზრდა იქნება.
„მინისტრმა გააკეთა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია, თუ როგორ ხედავს საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოების როლს ბიზნესურთიერთობების განვითარების მხრივ. ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, თავად მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩვენი ბიზნესსაბჭოს ერთ-ერთი სერიოზული და მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, ჩვენ ბოლო ორი წლის მანძილზე მჭიდროდ ვთანამშრომლობდით და ეს არის გარანტი იმისა, რომ ჩვენმა ბიზნესსაბჭომ განსაკუთრებული შედეგები მიიღოს“, – განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები