„ქართულმა ოცნებამ“ გარდაბნის გამგებლობის კანდიდატად გოჩა ჯამარაული წარადგინა
,,ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ’’ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, გარდაბნის გამგებლობის კანდიდატად გოჩა ჯამარაული წარადგინა.
დღესვე, ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საოლქო ორგანიზაციების კონფერენცია გარდაბნის მუნიციპალიტეტში გახსნეს.
,,დღეს, გვქონდა შეხვედრა გარდაბნის ადგილობრივ მოსახლეობასთან, პარტიის აქტივთან. საოლქო ორგანიზაციის კონფერენციის შედეგად ავირჩიეთ პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ასევე წარვადგინეთ გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი. ეს გახლავთ ბატონი გოჩა ჯამარაული. თქვენ იცით გოჩას კარიერა, ის წლების განმავლობაში სპორტით, ფეხბურთით იყო დაკავებული, საქართველოს ნაკრებში არაერთი თამაში ჩაატარა. სპორტის შემდეგ, საკმაოდ წარმატებულად ჩაერთო ბიზნესში. ის არის კარგი მენეჯერი და რაც მთავარია, პატიოსანი ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრებით.
სამომავლოდ, ჩვენს გუნდთან ერთად ვგეგმავთ გარდაბნის რაიონის და ადგილობრივი მოსახლეობის საკეთილდღეოდ არაერთი ღონიძიებების გატარებას“, – განაცხადა მ.პ.გ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
,,დღეს წარვადგინეთ კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ გარდაბნის გამგებლობის კანდიდატი. ეს კანდიდატი შეირჩა მისი პროფესიული უნარ-ჩვევების გამო, ის არის საქმის პროფესიონალი, სუფთა წარსულით, რომელიც ნამდვილად გახდება გარდაბნელების რჩეული და, ვფიქრობ, ღირსეულად გაიმარჯვებს არჩევნებში“, – განაცხადა მ.პ.გ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.