არასტანდარტული ვაშლის მოსავალი დაბინავებულია – ფერმერებმა 12 მლნ ლარი შემოსავალი მიიღეს

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, ქ. გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის შედეგები საკოორდინაციო შტაბის წევრებთან და პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე შეაჯამა.

„არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების შედეგად მიღებული ეკონომიკური შედეგი აისახება პროგრამის თითოეულ მონაწილეზე, გადამმუშავებელ სექტორზე, ფერმერებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატი გადის ექსპორტზე, ძირითადად გერმანიაში“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზურაბ გოზალიშვილმა.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა 15-მა საწარმომ 40 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 12 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. სახელმწიფო სუბსიდია 4 მლნ ლარზე მეტია.

პროგრამის ფარგლებში, ვაშლს იბარებდა ხილის გადამმუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში.

სახელმწიფო სუბსიდია გაიცა პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ იმ კომპანიებზე, რომლებმაც 2025 წლის 15 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლი არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდეს; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემდა.

„არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა, მიმდინარე წლის სექტემბრიდან, მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით ამოქმედდა. არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებდა საკოორდინაციო შტაბი.

შემაჯამებელ შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილეები გიორგი ავალიანი და გიორგი მაზიაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იოსებ მაზმიშვილი და პროგრამის განხორციელებაში ჩართული მხარეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები