რუსთავში საახალწლო ნაძვის ხე აინთო და საშობაო სოფელი მეჯლისით გაიხსნა
რუსთავში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიება გაიმართა და საშობაო სოფელი მეჯლისით გაიხსნა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსთავისთვის უკვე ტრადიციად ქცეული ულამაზესი საშობაო მეჯლისი და საახალწლო ზღაპრის მთავარი გმირი, წელსაც უფლისწული იყო, რომელიც ქალაქის უძველესი ისტორიის სიმბოლოდ იქცა.
ნაძვის ხის ანთების საახალწლო შოუში მონაწილეობა 300-მდე ახალგაზრდა რუსთაველმა მოცეკვავემ და მომღერალმა მიიღო.
რუსთავის მთავარი ნაძვის ხე საშობაო სიმღერის ფონზე აინთო. თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათასობით რუსთაველს საშობაო სოფელში მოულოდნელობებით სავსე ულამაზესი სანახაობა დახვდათ. საზეიმო მეჯლისის დასრულების შემდეგ, კონცერტი ჩატარდა და დამდეგი შობა-ახალი წელი, რუსთაველებს ანსამბლმა ,,ქართულმა ხმებმა” მიულოცა.
ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი და ქალაქის საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.
ნინო ლაცაბიძის თქმით, ქალაქის მთავარ მოედანზე ძალიან კარგი გარემოა შექმნილი.
,,დამდეგი შობა-ახალი წელი ჩვენი პატარა ქალაქიდან მინდა მივულოცო ჩვენს ქვეყანას. რუსთავის მთავარ მოედანზე მთელი ქალაქი შევიკრიბეთ და საზეიმოდ ავანთეთ ნაძვის ხე, გავხსენით საშობაო სოფელი, სადაც ჩვენს პატარებს საახალწლო განწყობის შესაქმნელად უამრავი გასართობი ღონისძიება ელოდებათ. ქალაქის მთავარ მოედანზე ძალიან კარგი გარემოა შექმნილი და ათასობით რუსთაველი მოვიდა შვილებთან, შვილიშვილებთან ერთად. ეს ჩვენი ქალაქის ტრადიციაა, ჩვენ ერთად ვანთებთ ნაძვის ხეს, ერთად ვხსნით საშობაო სოფელს. კიდევ ერთხელ მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ჩვენს ოჯახებს, ვუსურვო სიძლიერე, ჯანმრთელობა და ჩვენს ქვეყანას მშვიდობა”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
2026 წელს, რუსთავი განსაკუთრებით მორთული შეხვდა, განსხვავებული საახალწლო დეკორაციებით გაფორმდა ნაძვის ხე და ქალაქის მთავარ მოედანთან არსებული კოსტავას გამზირიც. საახალწლო ილუმინაციებით გაფორმდა ქალაქის თითქმის ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი.
საშობაო სოფელი 14 დეკემბრიდან, 7 იანვრის ჩათვლით უამრავი სანახაობით, საბავშვო ატრაქციონებით, თოვლის ბაბუით და საშობაო ტკბილეულით უმასპინძლებს რუსთაველებს. 20 დეკემბერს საშობაო სოფელი სრულად ბავშვებს დაეთმობა, 21 დეკემბერს საახალწლო სცენას ზვიად ბოლქვაძე და რანინელები დაიკავებენ. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, წინასაახალწლო კონცერტი 26 დეკემბერსაც გაიმართება, რომელშიც ჯგუფი ,,რეგიონი”, ეთნო ჯაზ ბენდი ,,ირიაო” და სხვა ცნობილი ქართველი მომღერლები შექმნიან საახალწლო განწყობას. 28 დეკემბერს რუსთავის საახალწლო სცენას რუსთაველი შემსრულებლები დაიკავებენ.