თურქეთის გამანადგურებლებმა შავი ზღვის თავზე „უმართავი“ დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დრონი თურქეთის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდა და მისი აღმოჩენა რუტინული პროცედურების ფარგლებში მოხდა.
„საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენი და ნატო-ს F-16-ის ტიპის გამანადგურებლები აფრინდნენ. დადგინდა, რომ საჰაერო კვალი დრონს ეკუთვნოდა, რომელიც უმართავი იყო. ნეგატიური შედეგების თავიდან აცილების მიზნით, დრონი დასახლებულ პუნქტებს მიღმა, უსაფრთხო ადგილას ჩამოაგდეს“, – ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
თურქული მედიის ცნობით, დრონი ხმელეთზე ჩამოაგდეს და მისი იდენტიფიცირება მხოლოდ ნამსხვრევების აღმოჩენის შემდეგ მოხდება.
ინციდენტი შავ ზღვაში მეომარ რუსეთსა და უკრაინას შორის თავდასხმების გახშირების ფონზე მოხდა.
აღსანიშნავია ბოლო დღეებში ორ თურქულ სატვირთო გადამზიდს თავს დაესხნენ, რასაც კიევი რუსულ სამიზნეებზე დარტყმებს უწოდებს. თურქეთმა, რომელიც კონფლიქტში შუამავლის როლს ასრულებდა, პორტებსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოწოდება გააკეთა.