ბავშვებზე ძალადობის სკანდალი უნგრეთში – მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ

უნგრეთში, ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები გამართეს. პროტესტი ამ კვირაში გამოქვეყნებულ ვიდეოებს მოჰყვა, სადაც ბუდაპეშტის არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში თანამშრომლები ბავშვებზე ფიზიკურად ძალადობენ.

დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის გადადგომას და ბავშვთა დაცვის სისტემის ფუნდამენტურ რეფორმას მოითხოვდნენ.

აქციებს ხელმძღვანელობდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი პეტერ მაგიარი, რომელმაც განაცხადა, რომ სახელმწიფო ბავშვთა უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს.

უნგრეთის პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება.

დაკავებულია რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი.

პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანთა მსგავსი დაწესებულებები დროებით გაძლიერებული პოლიციური კონტროლის ქვეშ მოექცა.

მთავრობა სისტემური პასუხისმგებლობის ნაწილში ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ გამოძიება დამოუკიდებლად მიმდინარეობს. ოფიციალური პირების თქმით, ცალკეული დანაშაულებრივი ქმედებები არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკური მანიპულაციისთვის, თუმცა ისინი აღიარებენ, რომ კონტროლის მექანიზმების გამკაცრება აუცილებელია.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა უნგრეთის ხელისუფლებას მოუწოდეს, უზრუნველყოს გამოძიების სრული გამჭვირვალობა და დაიცვას დაზარალებული არასრულწლოვანების უფლებები. თემას აქტიურად აშუქებენ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები.

მედიის შეფასებით, სკანდალი განსაკუთრებით მგრძნობიარეა იმ ფონზე, როცა ქვეყანაში, ბოლო წლებში, უკვე არაერთი გახმაურებული საქმე უკავშირდებოდა ბავშვთა დაცვის სისტემის ჩავარდნებს.

როგორც “როიტერი” აღნიშნავს, მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს უნგრეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და საზოგადოების ნდობაზე სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ძალადობის ნებისმიერი ფორმა მიუღებელია და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები