“მაკა ბოჭორიშვილი ხელს მოაწერს კონვენციას – ეს იქნება ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენის კუთხით არის გადადგმული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან” – ხატია წილოსანი

“ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ხელს მოაწერს კონვენციას, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენის კუთხით არის გადადგმული საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან”, – ამის შესახებ ევროპულ საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის ხელმძღვანელი, ხატია წილოსანი აცხადებს.

წილოსანი ეხმაურება დიპლომატიურ კონფერენციას, რომელსაც რამდენიმე საათში ჰააგა უმასპინძლებს და რომელიც, ევროპის საბჭოს ეგიდით უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიას აფუძნებს.

“საქართველოს მონაწილეობა მაღალ დონეზე აღნიშნულ კონფერენციაში, ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა თანმიმდევრულად მხარს უჭერს უკრაინისთვის სამართლიანობის აღდგენას. კონვენციის ფარგლებში შეიქმნება მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინისთვის სამართლიანი გადახდების და კომპენსაციების მექანიზმის ჩამოყალიბებას, მის ეფექტურად აღსრულებას და ჩვენ როგორც კონვენციის ხელმომწერი, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, მაქსიმალურად ვიქნებით ჩართული აღნიშნულ პროცესებში, გამჭვირვალედ და სამართლიანად რომ მოხდეს საერთაშორისო ნორმების და დარღვეული საერთაშორისო სამართლის პრინციპების აღდგენა”, – აცხადებს წილოსანი.

ცნობისთვის, მაკა ბოჭორიშვილი ღონისძიებაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ პირადად მიიწვია.

ოფიციალური თბილისი დღეს ხელს მოაწერს უკრაინისთვის საერთაშორისო საჩივრების კომისიის დამაარსებელ კონვენციასაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები