დავით მათიკაშვილი: წყლის ჭავლთან ერთად გამოყენებულ ნივთიერებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დადო მკაფიო დასკვნა და მტკიცებულებები, რომ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება გამოყენებული არ ყოფილა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, წყლის ჭავლთან ერთად გამოყენებულ ნივთიერებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დადო მკაფიო დასკვნა და მტკიცებულებები, რომ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერება გამოყენებული არ ყოფილა.

როგორც მან „ღამის კურიერის“ ეთერში აღნიშნა, თუ ვინმეს უცხოეთში ამ საკითხთან დაკავშირებით აინტერესებს და სურვილი აქვს, რომ გაეცნოს რეალურ მტკიცებულებებს, შეუძლია ჩამოვიდეს და გაეცნოს.

„როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დადო თავის დასკვნა და ძალიან მოკლე დროში უამრავი ადამიანი გამოიკითხა და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა, შემდგომ უკვე იყო მკაფიო პასუხი გაცემული, მათ შორის, პრემიერისგან. ვინმეს აინტერესებს უცხოეთში? არის ამის სურვილი, რომ რეალურად ჩაიხედოს ამ საქმეში და მტკიცებულებებს გაეცნოს?! კი ბატონო მობრძანდით და გაეცანით ბუმბულ გაცვენილი თუთიყუშის და გაბუტული ძაღლის გარდა, რაც სასაცილოა, მტკიცებულებებში ჩაიხედონ. რამხელა აბსურდი იყო, ბოლომდე რომც არ მოუსმინოს საქმეში ჩაუხედავმა მსმენელმა, როგორც კი გაიგებს, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერება გამოიყენა თურმე საქართველოს მთავრობამ, იქ დამთავრებულია ყველაფერი. ეს იყო დიდი აბსურდი, რომელსაც ყველა პასუხი გაეცა.

მკაფიოდ არის ნათქვამი და მკაფიოდ იცის მთელმა საზოგადოებამ, რომ არანაირი აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული. რაც შეეხება სხვა ყველაფერს, არა აკრძალულ ნივთიერებებს და მისი გამოყენების ტექნიკას, ეს ბუნებრივია, არის საპოლიციო შემაკავებელი ღონისძიების ნაწილი, რაც არის აპრობირებული და მიღებული მსოფლიოში. მთავარია, რომ აკრძალული ნივთიერება არ იყოს გამოყენებული, მთავარია სახელმწიფომ არ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონებით არის აკრძალული. დანარჩენი, მასის მართვის იმ დადგენილი ტაქტიკიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს ეგზალტირებული მასის, მოძალადე მასის მიმართ კონკრეტული საშუალებების გამოყენებას, მათ შორის, წყლის ჭავლის, იქ საპოლიციო ღონისძიება როგორი ტაქტიკით მიდის და რა ნივთიერებას იყენებს, რომელიც არ არის აკრძალული, ეს არავის საქმეა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები