“პარლამენტს დაჩქარებული წესით წარვუდგინეთ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს” – ალექსანდრე დარახველიძე
“პარლამენტს დაჩქარებული წესით წარვუდგინეთ ცვლილებათა პაკეტი, რომელიც „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებებს ითვალისწინებს”, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
როგორც დარახველიძემ განმარტა, ცვლილების თანახმად, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, პორტებსა და აეროპორტებში ერთობლივი ჯგუფები შეიქმნება, სადაც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, როგორც ადგილზე, ასევე, ცენტრალიზებულად მოახდენენ იმ ტვირთების კონტროლს, რომელიც ქვეყნიდან შემოდის და გადის.
„ცვლილებების მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს ყველა იმ საეჭვო ტვირთის გადამოწმება, სადაც შესაძლებელია, არსებობდეს გარკვეული რისკები. აღნიშნული მექანიზმი საშუალებას მოგვცემს, ორივე უწყებამ პრევენციულად იმუშაოს. ამ ცვლილების და ერთობლივი ჯგუფების შექმნის ძირითადი მაპროვოცირებელი ბოლო პერიოდში გამოვლენილი ფაქტებია, რაც დაკავშირებული იყო ნარკოტიკების ტრანზიტთან და მისი ფაქტების აღმოჩენასთან. შესაბამისად, მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ცალკე მიმართულება შეიქმნას ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტში. 16 სხვადასხვა განყოფილება ჩამოყალიბდა, რომელიც ამ მიმართულებით ადგილზე 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს საბაჟო დეპარტამენტთან ერთად. მათი ძირითადი სამიზნე იქნება ნარკოტიკების ტრანზიტის, ასევე სხვა აკრძალული ნივთიერების ტრანზიტის გამოვლენა და პრინციპული ღონისძიებების განხორციელება“, – განაცხადა დარახველიძემ.