რას ყვება მაგდა პაპიძის დედამთილი – „გასარეცხად შეგდებული გადასაფარებელი სულ მთლად წითელი იყო“
19 დეკემბერს , ფერაძის ქუჩაზე მოკლული 27 წლის ომარ ქაფიაშვილის დედის – ლილი ქაფიაშვილის მტკიცებით, ერთადერთი მკვლელი არსებობს და ეს მაგდა პაპიძეა. მისივე თქმით, პაპიძე კარგი დედა იყო, რატომ მოკლა 5 წლის ბავშვი, საუბარი უჭირს.
ლილი ქაფიაშვილი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას მკვლელობის ღამეს ბინაში მესამე პირის ყოფნას გამორიცხავს და 19 დეკემბრის ღამეს იხსენებს:
„მე და ჩემი მეზობლები ჩემს ოთახში ვიყავით, დაახლოებით 10-ის ნახევარი იყო. ამ დროს ოთახში მაგდა შემოვიდა, თუმცა მანამდე ომარი და ბავშვი იყვნენ შემოსულები. ბებიკოსთან უნდა ვითამაშოთო. მე და ბავშვმა ვითამაშეთ, ომარი კი წავიდა. მერე თოკომ მამიკოსთან მოინდომა. უკან რომ შევიყვანე ბავშვი, ომარმა მითხრა, დაღლილი ვარ, დედა, ცოტას წავუძინებო. მეც გამოვედი, თან უკვე ძილს აპირებდნენ. ცოლ-ქმარი მარტოები იყვნენ და აღარ შევსულვარ. არ მინდოდა, შემეწუხებინა. მაგდა 10-სკენ რომ გამოვიდა, გრაფინი გამოიტანა წყლის ასავსებად. ვკითხე, პატარა სად არის-მეთქი? ასე მითხრა, ომარმა წაიყვანა ხაჭაპურის საყიდლადო.
შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შემოვიდა, ჯერ ჩაიდანი და მერე უკვე იატაკის ტილო შემოიტანა გასარეცხად. ეს არაფრად არ ჩამიგდია, რას ვიფიქრებდი, რისთვის უნდოდა, ყოველ საღამოს ძილის წინ წმენდდა ხოლმე.
შემდეგ სარეცხი იყო შეყრილი მანქანაში, გამოიღო და დივანის გადასაფარებელი შეაგდო. კიდევ ერთი ცალი ჩუსტი იყო ომარის. ეს გადასაფარებელი რომ შემოიტანა და მანქანაში შეაგდო, მეზობელმა მკითხა, რა ფერია ესო და რომ შევხედეთ, მანქანაში წყალი სულ მთლად წითელი იყო. რა ვიცი-მეთქი, ამ გადასაფარებელს სულ ვრეცხავთ და აქამდე ფერი არ გადასვლია-მეთქი. დამცინეს კიდეც, ვთქვი, ფხვნილი ხომ არ არის ეგეთი ფერი-მეთქი“, – ჰყვება ომარის დედა.
როგორც სტატიის ავტორი წერს, პაპიძე 10- საათიდან 2 საათამდე შუალედში დედამთილთან რამდენჯერმე შევიდა. ბოლო შესვლაზე კი ლილი ქაფიაშვილს ომართან დარეკვა სთხოვა.
„მაგდამ მითხრა, მე რომ დავურეკო, არ მიპასუხებსო და მოდი, შენ დაურეკეო. დასარეკი არ მქონდა და ზარებს ვუშვებდი, არ მპასუხობდა.
ამ შესვლა-გამოსვლების მერე, არ მეძინებოდა. სადღაც 2 საათისკენ დავურეკე მაგდას და ასე მითხრა, არ მოსულა, მე კიდევ ჩამეძინაო. წავალ, გარეთ გავალ, იქნებ სადმე იყოსო, ან ვინმეს დავურეკავ, რომ გამყვესო.
მანქანითაც ვერ გავალ, ღამეა პატრულიაო. „პრავა“ არ ჰქონდა, მაგრამ პატრულის არასოდეს შეშინებია. ვუთხარი, მეც გამოვალ-მეთქი, მაგრამ არ გინდა, მე წავალო. ამის შემდეგ დაახლოებით 3-ის ნახევარზე დამიმესიჯა, არც დედამთილს მეძახდა და არც სახელს, ცუც-ასე მომმართავდა ხოლმე. „ცუც დაიძინე, მოდიან“, – ასე მომწერა. მე უკვე მოსულები მეგონნენ და გამოვვარდი სახლიდან. ამ დროს მაგდამაც გააღო კარი. როგორც წესი, დერეფანში სულ სინათლე ანთია ხოლმე და რატომღაც იმ ღამეს იყო ჩამქრალი. ჩემი შვილის სახლიდან მხოლოდ ტელევიზორის შუქი გამოდიოდა. მაგდამ მითხრა, რადგან მოდიან, შენ წადი, დაისვენე და მე ავალ, „კალონკაზე“ დავხვდებიო. კარგი, შვილო-მეთქი. მეგონა, მოვიდნენ და შევტრიალდი სახლში. ჩავწექი, მეთქი ყურს დავუგდებ, თუ მოვლენ, ხმაურს გავიგებ-მეთქი. ვერ ვიტყვი, ჩამეძინა-მეთქი, მაგრამ ნახევარი საათი თუ 10 წუთი გავიდა და ამ დროს მესმის კარზე ბრახუნი, მაგდა ვარ, მიშველეო. მეგონა, ალბათ ნასვამი მოვიდა და რაღაც კონფლიქტი მოუვიდათ, იმიტომ, რომ ამის დალევაზე ამ გოგოს სულ გართულება ჰქონდა.ამის გულისთვის ამპულაც ჩაიდგა, მოდი, „ვაფშე“ არ დავლევო.
გარეთ რომ გავვარდი, ომარი ძირს იწვა სისხლიანი. ერთი ეს მახსოვს, მაგდა დარბოდა ჩემს უკან. ბავშვი სად არის-მეთქი, ვკითხე და მანქანაშიაო. ომარს თავი დავანებე და მანქანასთან მივვარდი. ბავშვი „სიდენიებს“ შორის იყო ჩაჭედილი. თბილი იყო ჯერ, თოკო, თოკო, დავიწყე ყვირილი, ამ დროს მეზობლებიც გამოვიდნენ“,- აცხადებს ლილი ქაფიაშვილი.
იგი ყვება, რომ მისი რძალი ძალიან ემოცური იყო. „ფეხი რომ წამოჰკრა ქმარს, როგორ არ დაიყვირა. იქვე იყო შუქის ჩასართველი, წამოკარი ფეხი, აანთე, ხომ შეგიძლია, არაა“.
ომარის დედა ასევე ამბობს, რომ მის შვილს ისეთი მევალე არავინ ჰყავდა, რომელიც მას რამეს დაუშავებდა.
„ბანკის ვალი ახლა ყველას აქვს. ის ვალები, რასაც ეგ გულისხმობს , ტყუილია. თვითონ მითხრა, რატომ არ ახსენდება. მერე ბავშვმაც მითხრა, ყველაფერი გადაიხადა მამამო. მაგდა რომ ამბობს, მანქანის დაჯახებაზე, კი, იყო ეგ ფაქტი, მაგრამ არავინ არ აკითხავდა მევალე და მანქანა კიდევაც გაუკეთა იმ კაცს. იმათ, როგორც კი დაეჯახა, მაშინვე მისცა ნომერი. ერთხელ, მითხრა კიდეც, დედა , გავდივარ, ის მანქანა უნდა შევაკეთოო. ჯარის ამხანაგები ეხმარებოდნენ და თავისი ხელფასიც ჰქონდა“, – იხსენებს გარდაცვლილის დედა.
გამოცემასთან პაპიძის მეზობელი ერთ საინტერესო დეტალის შესახებ ყვება. მისი თქმით, 19 დეკემბერს, 7 საათზე მაგდას მისთვის თმა უნდა შეეღება.
„ჩემთვის თმა უნდა შეეღება, თუმცა 7-ზე რომ ვერ მოახერხა, მომწერა, არ დაიძინო, აუცილებლად შეგიღებავო. ამის მერე 8 საათიდან ხშირ-ხშირად მწერდა, ხომ არ იძინებ, შემოვალო. 9 საათი რომ გახდა და არ შემოვიდა, კარზე დავუკაკუნე, არავინ გამიღო, შემდეგ მაგდას დედამთილთან შევედი და მოვიკითხე. ლილიმ მითხრა, ალბათ, კარგად ვერ იყო, ან ხასიათზე არ იყო და ამიტომ აღარ შემოვიდაო.
მე ვფიქრობ, მაგდას ან ალიბი სჭირდებოდა ჩემთან შემოსვლის სახით და მერე ვეღარ მოახერხა შემოსვლა, ან კიდევ ჩემი ჩათრევა უნდოდა“, – აცხადებს მეზობელი.