„ნასამ“ მარსზე მისია გააუქმა
ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ მარსზე 2016 წლის მარტში დაგეგმილი მისია გააუქმა. ამის შესახებ „ნასას“ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მისიის გადადების მიზეზი კოსმოსური სადგურის ერთ-ერთ ხელსაწყოზე – სეისმომეტრ SEIS-ზე ვაკუუმის გარსის ჰერმეტულობის დარღვევა გახდა. ეს დანადგარი საფრანგეთის კოსმოსური კვლევების ცენტრმა გამოუშვა.
მარსზე კოსმოსური ხომალდის გასაშვებად ხელსაყრელი პერიოდია 2016 წლის 4 – 30 მარტი.
შემდეგი „ფანჯარა“ მხოლოდ 2018 წლის მაისში იქნება. მარსზე აპარატის გაშვება „ნასამ“ იმის გამო გადადო, რომ ძვირად ღირებულ ხელსაწყოებს საფრთხე ემუქრებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, მისია 2018 წლისთვის გადაიდო, თუ საერთოდ გაუქმდა. ამ გადაწყვეტილებას კოსმოსური სააგენტო უახლოეს რამდენიმე თვეში მიიღებს. ამჟამად კოსმოსური სადგური InSight-ი კალიფორნიის კოსმოდრომზეა, რომელიც 16 დეკემბერს დაამონტაჟეს. სადგური კომპანია Lockheed Martin-მა გამოუშვა. მისიის მიზანი მარსის გეოლოგიის, კერძოდ, ქერქის, მანტიის და ბირთვის შესწავლა იყო. პროგრამის ღირებულება 675 მილიონ დოლარს შეადგენს.