„ადამიანის მთელი ცხოვრება ბოდლერის ერთ სტრიქონადაც არ ღირს…“

მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში დავით დოიაშვილმა „ცხოვრება იდიოტისა” თანამედროვე იერსახით წარუდგინა მაყურებელს.

საუცხოო სანახავია სცენისა და მსახიობების ჰარმონიული ურთიერთობა, ერთმანეთის ნაწილნი რომ ხდებიან. გემოვნებით შერჩეულ მუსიკასა და დეკორაციებს მაყურებელი იაპონიის ღარიბულ ბინაში გადაჰყავს, სადაც რიუნოსკე აკუტაგავას პერსონაჟები ცოცხლდებიან და საოცარ ისტორიებს გვიყვებიან. დასამახსოვრებელი სტრიქონები სხეულს მძაფრი ემოციით ავსებს.

ქართულად ამეტყველებული იაპნური ამბავი, ქართულად გაცოცხლებული იაპონელები და წაშლილი ბარიერი კულტურათა სხვაობას შორის. ნამდვილი ხელოვნებაც ხომ სწორედ ესაა. როგორც ვაჟა-ფშაველა ერთ-ერთ პუბლიცისტურ წერილში ამბობს: „შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც.“ დოიმ, მსახიობების დახმარებით, აკუტაგავასთან შეხება „მთელი კაცობრიობის ტკბობით“ დაასრულა.

„შემოქმედების წყურვილი იგივე ცხოვრების წყურვილია.“

ყველაფერი კარგი ოდესღაც სრულდება, თუმცა მაყურებლის გონებაში ერთხელ ნანახი ჯადოსნური სამყარო არასდროს მიეცემა დავიწყებას. ფარდის დაშვება, შენელებული წამი, აღგზნებული ტაში და მაყურებლის თვალებში აკიაფებული სევდანარევი სიხარული, ეს ერთი ლურჯად შეჩერებული წამია, რომელიც პრობლემებით სავსე რეალობისგან აუცილებლად გიხსნით.

„ღმერთებს, საუბედუროდ, არ შეუძლიათ, ჩვენსავით მოიკლან თავი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები