ტიანანმენის მოედნის პროტესტი და ტანკები ხალხის წინააღმდეგ — ცნობილი ფოტოს ისტორია
1989 წლის გაზაფხულზე პეკინის გული — ტიანანმენის (ზეციური მშვიდობის) მოედანი — სტუდენტებითა და მოქალაქეებით აივსო. პროტესტის ნაპერწკალი რეფორმატორი ლიდერის, ჰუ იაობანგის გარდაცვალებამ გააჩინა, რომელსაც ხალხი დემოკრატიული ცვლილებების სიმბოლოდ მიიჩნევდა. თავიდან ყველაფერი მშვიდობიანად დაიწყო: ახალგაზრდები მოითხოვდნენ მეტ თავისუფლებას, კორუფციასთან ბრძოლას, პრესის თავისუფლებასა და ეკონომიკურ რეფორმებს. ისინი კარვებს შლიდნენ მოედანზე, სიტყვით გამოდიოდნენ, მღეროდნენ, კამათობდნენ და სჯეროდათ, რომ მათ ხმას გაიგებდნენ.

დღეები გადიოდა და პროტესტი უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევდა. მილიონამდე ადამიანი უერთდებოდა მოძრაობას, მათ შორის, მუშები, ინტელექტუალები და საჯარო მოხელეებიც კი. ეს უკვე მხოლოდ სტუდენტური გამოსვლა აღარ იყო — ის იქცა საზოგადოების ფართო მოთხოვნად ფუნდამენტური ცვლილებებისკენ. მოედანზე აღიმართა „დემოკრატიის ქალღმერთის“ ქანდაკება, რომელიც თავისუფლების ქანდაკებას მოგვაგონებდა და რეჟიმისთვის ღია გამოწვევა იყო.
თუმცა, ქვეყნის ხელმძღვანელობაში აზრთა სხვადასხვაობა სუფევდა. სანამ კომპარტიის გენერალური მდივანი ჯაო ძიიანი სტუდენტებთან დიალოგს ცდილობდა, „რკინის ხელის“ მომხრეებმა, დენ სიაოპინის მეთაურობით, სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. მათ ჩათვალეს, რომ პროტესტი კომუნისტური რეჟიმის გადარჩენას უქმნიდა საფრთხეს. ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

ივნისის დასაწყისში ხელისუფლებამ არმიას საბედისწერო ბრძანება მისცა. 3 ივნისის ღამესა და 4 ივნისის განთიადზე პეკინის ქუჩებში მძიმე სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა. 27-ე და 38-ე არმიების კოლონები ქალაქის ცენტრისკენ მიემართებოდნენ. ადამიანები ცდილობდნენ მათ შეჩერებას — ზოგჯერ სიტყვით, ზოგჯერ ცოცხალი ჯაჭვით, ზოგჯერ კი, ბარიკადებით. შემდეგ გასროლის ხმა გაისმა. ჯარისკაცებმა უიარაღო ხალხის წინააღმდეგ საბრძოლო ვაზნები და ავტომატური იარაღი გამოიყენეს.
ქუჩები, სადაც რამდენიმე საათის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები იდგნენ, ნამდვილ სასაკლაოდ გადაიქცა. ტანკები დაუნდობლად უვლიდნენ ბარიკადებსა და კარვებს, სადაც ხალხი ჯერ კიდევ იმყოფებოდა. ხალხი გარბოდა, დაშავებულებს ველოსიპედებითა და ურიკებით ეხმარებოდა, ზოგიც ტყვიების წვიმაში ადგილზე რჩებოდა. ზუსტი სურათი დღემდე გასაიდუმლოებულია, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები და თვითმხილველები ადასტურებენ, რომ იმ ღამეს ათასობით ადამიანი დაიღუპა.

ეს მოვლენები ისტორიაში შევიდა, როგორც ტიანანმენის მოედნის პროტესტის სისხლიანი ჩახშობა. რეჟიმმა ძალა აჩვენა, თუმცა მორალური მარცხი განიცადა.
რამდენიმე დღის შემდეგ, 5 ივნისს, როცა ქალაქი დაცარიელებული და დაშინებული იყო, ერთმა კაცმა გააკეთა ის, რაც მთელი მსოფლიოსთვის სიმბოლოდ იქცა. იგი თეთრი პერანგით, ხელში ორი პარკით, მარტო დადგა გზაზე და წინ აღუდგა მოძრავი ტანკების კოლონას. უცნობი ამბოხებული — რომლის ვინაობა და ბედი დღემდე უცნობია — რამდენიმე წუთის განმავლობაში არ იძვროდა. როდესაც ტანკი გვერდის აქცევას ცდილობდა, მამაკაცი ისევ წინ უდგებოდა.
დღეს ტიანანმენის მოვლენები ჩინეთის ოფიციალური ისტორიიდან ამოშლილია. იქაური ინტერნეტცენზურა ბლოკავს ნებისმიერ ძიებას ამ თარიღზე, ხოლო ახალგაზრდების დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რა მოხდა 1989 წლის 4 ივნისს. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო არქივები, ფარული ვიდეოკადრები და დიპლომატიური დოკუმენტები ამ საშინელ სიმართლეს ინახავს.