სტუდენტები იუსტიციის სამინისტროში კვლევით საქმიანობას დღეიდან შეუდგნენ

 იუსტიციის სამინისტრო მომავალ იურისტებს სამართლებრივი რეფორმების პროცესში მონაწილეობას სთავაზობს. ამ მიზნით სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა 11 უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტების სტუდენტებისთვის კვლევითი პრაქტიკა დაიწყო. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ღია კონკურსის წესით შერჩეული 12 სტუდენტი იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტში კვლევით საქმიანობას დღეიდან შეუდგა. პრაქტიკის ფარგლებში მომავალი იურისტები ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელებთან ერთად დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალი სამართლებრივი საკითხების კვლევაში, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადებაში ჩაერთვებიან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება სტუდენტების მონაწილეობაზე სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის მიზნით წარმოქმნილი საკითხების კვლევასა და ანალიზში. პრაქტიკანტებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ თემატურ სამუშაო შეხვედრებსა და კონფერენციებში. კვლევის პროცესში სტუდენტებს უშუალო ზედამხედველობას იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები გაუწევენ. ანალიტიკურ დეპარტამენტში ხელმძღვანელ თანამშრომელთან ურთიერთობა 1 საათს გაგრძელდება, ხოლო დავალებების შესრულებისათვის სტუდენტებს კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 7-საათიანი დამოუკიდებელი მუშაობა მოუწევთ. მათი საქმიანობის შეფასება ეტაპობრივად მოხდება. სტუდენტური პრაქტიკა იუსტიციის სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს, გაითვალისწინოს ახალგაზრდების შეხედულებები და მოსაზრებები სამართლებრივი რეფორმის აქტუალურ საკითხებზე. კვლევითი პრაქტიკის გავლის მსურველთათვის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა კონკურსი თებერვალში გამოაცხადა. მასში მონაწილეობდა 721 მომავალი იურისტი, რაც პროექტისადმი სტუდენტების დიდ ინტერესზე მეტყველებს. სტუდენტთა კვლევითი პრაქტიკა იუსტიციის სამინისტროში სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები