ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს დამთავრდება
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესი დღეს, 18:00 საათზე დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 მარტის მონაცემებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 31 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის 12 500 მასწავლებელი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 2500-მა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის ელექტრონული განაცხადი 7000-ზე მეტმა აპლიკანტმა შეავსო. ამასთან, ცენტრი რეგისტრაციის მსურველებს აფრთხილებს, რომ სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მსურველები რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან. “რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომლის ხანგრძლივობა ერთი თვეა, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი და ენა, რომელზეც სურს გამოცდის ჩაბარება – ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება”, _ აცხადებენ ცენტრში.