“მეხვეწებოდა, ციხიდან გამიყვანე, თორემ მომკლავენო”

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გახსნილია დათა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავასა და რომან შამათავას ორგანიზებით ჩადენილი დანაშაული – ამის შესახებ გაზეთი “კვირის პალიტრა” წერს.
“2012 წლის 28 ივლისს ქალაქ ზუგდიდში საქართველოს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელმა გიორგი სამუშაიამ ამ დროისთვის დაუდგენელ 2 პირთან ერთად უკანონოდ დააპატიმრა გალელი ელბერდ კობერიძე, იძულებით ჩასვა ავტომანქანაში, დაადო ხელბორკილი, თავზე ჩამოაცვა ტომარა და გადაიყვანა თბილისში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც გამოამწყვდიეს ერთ-ერთ ოთახში.
მეორე დღეს ელბერდ კობერიძის დასაკითხად შეიკრიბნენ: დათა ახალაია, გიორგი კალანდაძე, მეგის ქარდავა და რომან შამათავა, რომლებიც არარსებული ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მოთხოვნით დაკავებულს რამდენიმე საათის განმავლობაში აწამებდნენ: არაერთხელ შეასხურეს მხუთავი აირი, გაგუდვის ინსცენირების მიზნით თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და დააგდეს იატაკზე, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, თავზე აჭერდნენ ფეხს. წამებისას ელბერდ კობერიძემ დაკარგა გონება. უგონოდ მყოფი შეაგდეს ოთახში, სადაც 8 დღე ჰყავდათ უკანონოდ გამომწყვდეული”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ელბერდ კობერიძე “კვირი პალიტრასთან” საუბარში პროკურატურის განცხადების შინაარსს ადასტურებს. კობერიძე აღნიშნავს, რომ მას არაფერი დაუშავებია.
“რომ ამბობენ, ტერორისტულ აქტს გეგმავდაო, თავს იმართლებენ, აბა სხვას რას იტყვიან? მე მაგათ ვაჩვენებ ტერორისტულ აქტს! აქამდე სად იყვნენ ჟურნალისტები, ერთხელ რომ არავინ დამელაპარაკა? რატომ გავხდი სამიზნე, მათ ჰკითხეთ, მე არაფერი დამიშავებია. ყველა არჩევნებში იმ არაკაცებს მივეცი ხმა, მათ კი ასეთი არაადამიანობა გამოიჩინეს. რაც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, ყველაფერი 100%-იანია”,- ამბობს ელბერდ კობერიძე.
ელბერდის ადვოკატი მებრძოლი ჭკადუა კი აღნიშნავს, რომ კობერიძე მწამებლის გვარებს ვერ ასახელებს, რადგან მიშებული შოკისგან არც კი ახსოვს, ვინ აწამებდა. “მისგან ტერორისტს ვერ გამოიყვანდნენ, თელიანის დასახლებაში ჩამოაგდეს, ნარკოტიკი ჩაუდეს და დააკავეს… შემომთავაზეს დანაშაული აღიაროს და საპროცესო შეთანხმებით გავუშვებთო. მე მისი გამართლებისთვის ვიბრძოდის, მაგრამ მეხვეწებოდა, როგორმე ციხიდან გამიყვანე, თორემ მომკლავენო. კობერიძე არჩევნების შემდეგ გაათავისუფლეს. მას ჩემთან მწამებლის გვარები არ უხსენებია”, – აღნიშნავს ჭკადუა. დათა ახალაიასა და გიორგი კალანდაძის ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი “კვირის პალიტრასთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ბრალდებულების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს, რის გამოც, მათი გამართლება ძალიან მარტივია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები